ფრენების აღდგენა

კანდელაკი: მთავრობამ WizzAir-ს აცნობა, რომ არჩევნებამდე ვერ იფრენს საფრანგეთსა და გერმანიაში

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა 15 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრენების აღდგენის შესახებ ისაუბრა.

როგორც გიორგი კანდელაკი ამბობს, ეკონომიკის სამინისტრომ ავიაკომპანია Wizz Air-ს არაოფიციალურად აცნობა, რომ ის არჩევნებამდე ვერ იფრენს საფრანგეთსა და გერმანიაში.

გარდა ამისა, დეპუტატის თანახმად, სახელმწიფო Wizz Air-ს არ აძლევს ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში ფრენის უფლებას.

გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ათასობით მოქალაქესა და ბიზნესს, რომელიც ტურიზმზეა დამოკიდებული, მთავრობა "ტოვებს უშანსოდ და შიმშილის პირისპირ".

"ეს მავნებლური და ეკონომიკისთვის ეგზომ დამაზიანებელი გადაწყვეტილება არის ნაკარნახევი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკით". – აცხადებს ის.

გიორგი კანდელაკის თქმით, მთავრობა აფერხებს ლატვიურ კომპანია Air Baltic-საც, რომელსაც სურს, რიგა-თბილისის რეისზე კვირაში სამი ფრენა შეასრულოს. ნაცვლად ამისა, კანდელაკის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო კვირაში მხოლოდ ერთი ფრენის დანიშვნაზეა თანახმა.

ევროპული საქართველოს დეპუტატი ირწმუნება, რომ ამ საკითხის გამო ლატვიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა "უკმაყოფილების გამოსახატად".

"ავიაკომპანიებისთვის ფასწარმოქმნაში ძალიან მნიშვნელოვანია ფრენების სიხშირე", – ამბობს გიორგი კანდელაკი, – "თუკი ჩვენ ასე შეზღუდული მოდელით გვექნება ფრენები, ქვეყანა დე-ფაქტოდ, განსაკუთრებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, დარჩება დახურული და ჩვენ მივიღებთ ძალიან ცოტა და ძალიან ძვირ ფრენებს".

საქართველოს მთავრობამ ხუთ ქვეყანას საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეებს/რეზიდენტებს საქართველოში ჩამოსვლა კარანტინის გარეშე შეეძლებათ. თუმცა, იმავე ქვეყნებიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

როგორც მთავრობის 10 ივლისის დადგენილებაში ვკითხულობთ, საქართველოდან რეგულარული ფრენები მხოლოდ მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებში შესრულდება.

კომენტარები