შაქარაშვილის საქმე

კობახიძე ზურაბიშვილზე: ჩხუბი არცერთ შემთხვევაში არ არის კარგი

ტაბულა

"ჩხუბი ყოველთვის ცუდია". – ასე პასუხობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას. 

ზურაბიშვილმა შაქარაშვილის საქმეზე თქვა, რომ ჯგუფური ძალადობა არაქართულია და "ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე". 

"ჩხუბი, ბუნებრივია, არცერთ შემთხვევაში არ არის კარგი. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, მთავარია, რომ სათანადო დროში და ეფექტიანად იყოს გამოძიებული. 

უშუალოდ ეს განცხადება არ მომისმენია, მაგრამ შემიძლია, ჩემი პოზიცია გითხრათ – ჩხუბი ყოველთვის ცუდია". – თქვა კობახიძემ. 

ზურაბიშვილის თქმით, შაქარაშვილის საქმეში "ყველა რომ არ ერეოდეს, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა და, ალბათ, უფრო ჩქარა წავიდოდა წინ ეს საქმე." 

"ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე, არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, ძალიან არაქართული და მე მგონი, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენ ღირებულებებს. კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე  – ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის მონანიება". – ამბობს ზურაბიშვილი.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე, მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ. 

ექსპერტიზის მიზედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები