ბაჩანა შენგელია

იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას ელექტრონულ სანოტარო სისტემებზე წვდომა აღუდგინა

0 კომენტარი
ბაჩანა შენგელია ფოტო: იუსტიციის სამინისტრო

ბაჩანა შენგელიას ელექტრონულ სანოტარო სისტემებზე წვდომა აღუდგინეს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე თავად დაწერა.

შენგელია ამბობს, რომ მისი ოფისი მუშაობას ხვალიდან, 16 ივლისიდან გააგრძელებს. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოში დავის გაგრძელებას მაინც გეგმავს.

"ცხადია, არ გვაქვს ილუზია, რომ ამით საბოლოოდ რამე დასრულდა. ასე თვითნებურად პროგრამის გამორთვას, სრულიად უკანონოდ საქმიანობის შეჩერებას, მერე სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას აუცილებლად უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხები. რა თქმა უნდა, დავა გაგრძელდება საკანონსტიტუციო სასამართლოში.

რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, არ დავუშვებ არც ცენზურის დაკანონებას, არც ვინმეს ახირებაზე და აშკარა უკანონობაზე გაჩუმებას.

ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში მიდგას ეს დღეები. დიდი მადლობა მედიას, რომელიც აქტიურად აშუქებს საქმის დეტალებს. თქვენ გარეშე, ეს შედეგი არ დადგებოდა. ყველაფერი წინ არის, ბრძოლა აუცილებლად ბოლომდე". – დაწერა მან.

შენგელიასთვის სანოტარო სისტემებზე წვდომის აღდგენა იუსტიციის სამინისტროს სასამართლომ 1 ივლისს დაავალა. წულუკიანის უწყებამ სასამართლოს გადაწყვეტილება 15 დღის შემდეგ შეასრულა.

ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა Faceboook-ზე გამოქვეყნებული კრიტიკული პოლიტიკური შეფასებების გამო 20 ივნისს შეუზღუდა. შენგელიამ პროკურატურასაც მიმართა.

მინისტრის #69 ბრძანებაში, რომელიც ნოტარიუსს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვას ავალებს, 22 მაისს ცვლილება შევიდა და დადგინდა, რომ ეს მძიმე დისციპლინური გადაცდომაა და 1 თვიდან 2 წლამდე ვადით უფლებამოსილების შეჩერებას ითვალისწინებს.

ბრძანების მიხედვით, ნოტარიუსს ევალება მხოლოდ ნეიტრალური შინაარსის განცხადებების კეთება პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, ხოლო პოლიტიკური განცხადებების კეთება, მათ შორის, პირად facebook გვერდზე, აკრძალულია.

წულუკიანის ეს ბრძანება არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე შეაფასეს, როგორც ნოტარიუსის გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

სწორედ ამ საკიხთხზე იდავებს შენგელია საკონსტიტუციო სასამართლოში.

ბაჩანა შენგელია ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილია. ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და სანოტარო საქმიანობის შეზღუდვის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

შენგელიას შესახებ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ევროპული საქართველოს დეპუტატებმა 26 ივნისს პარლამენტში ჰკითხეს. მინისტრმა თქვა, რომ აკრძალულია ნოტარიუსის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში. ამასთან, წულუკიანმა დეპუტატებს მოუწოდა, საქმე არ "გააპოლიტიზირონ" და საზოგადოებას არ აფიქრებინონ, რომ ბაჩანა შენგელია პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თეა წულუკიანმა უწყებიდან თანამშრომლები ფეისბუქპოსტების გამო გაათავისუფლა. მინისტრმა თამაზ ახობაძესა და ანა სუბელიანთან საქმე სასამართლოშიც წააგო. სამინისტრო რამდენიმე წლის განმავლობაში ამბობდა უარს, ახობაძის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინა.

რაც შეეხება ბაჩანა შენგელიას დედის, ია კერზაიას საქმეს, სკოლის დირექტორი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ უძღოდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური თვალსაზრისით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს მრავალჯერ შესთავაზეს მუშაობა ქართული ოცნების სასარგებლოდ, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს ბაჩანა შენგელიამ გამოაქვეყნა ის ანონიმური წერილი, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოჰკითხეს. 8 თებერვალს განათლების მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ავტორის ვინაობის დადგენა.

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, "დანაშაულის არარსებობის გამო" გამოძიება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა. უწყების თქმით, არ დადასტურდა, რომ "ადგილი ჰქონდა "ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას".

6 ნოემბერს კი სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ შენგელიას სარჩელი დაარეგისტრირა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები