სემეკი

პარლამენტმა I მოსმენით მიიღო კანონი ენერგოკომპანიების წილების გასხვისების კონტროლზე

დავით ნარმანია
საქართველოს მთავრობა

81 ხმით არცერთის წინააღმდეგ პარლამენტმა I მოსმენით მიიღო ცვლილებები კანონში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება.

ცვლილებების თანახმად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) შეეძლება, გამანაწილებელ კომპანიებს წილების გაყიდვა შეუზღდუდოს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა 14 ივლისის საღამოს, რამდენჯერმე გადადების შემდეგ დაიწყო და ღამის პირველ საათამდე გაგრძელდა.

კანონის მიხედვით, სანამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელი კომპანია 5%-იან ან უფრო მსხვილ წილს გაყიდის ან მფლობელს შეიცვლის, ვალდებული იქნება, ამის შესახებ სემეკს აცნობოს. ამის შემდეგ სემეკს სამი თვე ექნება იმის განსახილველად, მისცემს თუ არა კომპანიას ნებართვას წილის გასხვისებაზე.

სემეკი ამას "გონივრულ ვადას" უწოდებს "ტრანსაქციის, ოპერაციის განხორციელებისათვის".

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ ამ ცვლილების საჭიროება წარსული გამოცდილებაა. დავით ნარმანია საუბრობს წინა ხელისუფლების დროინდელ გარიგებებზე, რომლებმაც, მისი თქმით, "ნეგატიური გავლენა იქონია სისტემაზე". სემეკის თავმჯდომარეს ამის მაგალითად ყაზტრანსგაზის შემოყვანა მოჰყავს.

"ყველა ასეთი ოპერაცია, რომელიც შეიძლება, იყოს არასასურველი, ქვეყნის ინტერესებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე იქონიოს ნეგატიური გავლენა, ეს იქნება ბერკეტი, რომ არ გაუარესდეს მდგომარეობა". – თქვა დავით ნარმანიამ.

ოპოზიცია კანონპროექტს კრიტიკულად უყურებდა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე ამბობდა, რომ კანონი ბიზნესს "საკუთარი ქონების, საკუთარი აქტივის განკარგვის უფლებას უზღუდავს".

"გვარი, სახელი და ბიოგრაფიული ცნობები უნდა იყოს ინვესტორისა, ვინც იყიდის ენერგეტიკის სექტორში რაიმე აქციებს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით არ შემოვა ინვესტიცია". – ამბობდა რომან გოცირიძე.

ევროპული საქართველოს დეპუტატი, სერგი კაპანაძე ყურადღებას ამახვილებდა კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვაზე, რაც, მისი თქმით, კითხვებს აჩენს.

მას მიაჩნია, რომ კანონპროექტის სწრაფად მიღების მოტივი კორუფციული გარიგება, პოლიტიკური ინტერესი, ან შიდა დაპირისპირებაა.

"ნებისმიერ შემთხვევაში, ახსნა, ასეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი ასე სწრაფად რატომ უნდა შემოიტანონ, უბრალოდ, არ არსებობს". – აცხადებს სერგი კაპანაძე.

კომენტარები