გიორგი რურუა

რურუა: დაკავების დროს არ მომცეს ადვოკატთან დარეკვის უფლება, უკანონოდ ამიღეს დნმ

მთავარი არხის მეწილემ, გიორგი რურუამ, დღეს, 15 ივლისს, საქალაქო სასამართლოში დაკითხვის დროს დაკავების ღამე გაიხსენა. მისი თქმით, დაკითხვის დროს მას უკანონოდ აუღეს დნმ და არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის საშუალება. 

"ხო იცი, რომ შენ პესეემი გქონდაო [გამომძიებელმა], მე ვუთხარი, როგორ მქონდა პესეემი, – აი ესე, ხო იცი, გქონდაო. მივხვდი, რომ იარაღი ჩამიდეს, მეუბნებოდნენ – ეხლა დნმ უნდა აგიღოთო, მე ვუთხარი: – ადვოკატის გარეშე არც დნმ-ს ავიღებ, არც ხმას გაგცემთ, ვიყენებ დუმილის უფლებას და მომეცით საშუალება, დავურეკო ადვოკატს-მეთქი, რაზეც ცივი უარი მივიღე.

დაუძახეს და შემოვიდა, იასამნისფერი სვიტრი რომელსაც ეცვა, ის პოლიციელი და დაიწყო ჩემი ჩხრეკა. რეალური ჩხრეკა დაიწყო მანდ". – ამბობს რურუა. 

მისი თქმით, მას ჯიბეში ედო ე. წ. პარალონი, როგორც რურუა ამბობს, გამომძიებლები ვერ ხვდებოდნენ, რა იყო ეს ნივთი და არ იცოდნენ, ოქმში როგორ ჩაეწერათ. რურუამ ნივთი დაკითხვის დროს სასამართლოში მიიტანა და ამით იმ გარემოებას გაუსვა ხაზი, რომ მისი რეალური ჩხრეკა დაიწყო პოლიციის განყოფილებაში და არა დაკავების ადგილას, რადგან, მისი განმარტებით, ნივთი საკმაოდ დიდი იყო და პოლიციელებს შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ. 

რურუა ამბობს, რომ მას თავიდანვე ჰქონდა ეჭვი, რომ შეიძლებოდა დაეკავებინათ, თუმცა, როგორც ის ჰყვება, გავრილოვის ქვეყნის პირველ სავარძელში ჩასმა და 20 ივნისს ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენება ჟურნალისტებისა და მოქალაქეების მიმართ, იყო მისთვის წითელი ხაზი, რომ აქციის მონაწილეებს შეერთებოდა. 

"გავიცანი ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომლებსაც ძალიან სამართლიანი პროტესტი ჰქონდათ და ჩავთვალე ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებად, რომ დავდგომოდი გვერდში. ჩემი ეს აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩა მთავრობას". – ამბობს რურუა. 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვენ. თუმცა, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიპლომატიური კორპუსის ხელშეწყობით, შეთანხმება შედგა. მისი ერთი ნაწილი საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და საარჩევნო კოდექსის გაჯანსაღებას მოიცავს, ხოლო მეორე – პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

ქართული ოცნება შეთანხმების მეორე ნაწილს არ აღიარებს და იმ ფონზე, როცა ევროპარლამენტარები, თუ ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი ჯიუტად ამტკიცებს, რომ ქვეყანას ისინი არ ჰყავს. 

კომენტარები