დათო კოვზირიძის სვეტი

საბჭოთა კავშირი ჩოხაში

მაშინ, როცა დამოუკიდებლები გავხდით და გვეგონა, რომ ბორჯომით, მანდარინით, ჩაითა და სადღეგრძელოებით გადავდგამდით მთებს, რამდენიმე ჭკვიანმა ადამიანმა თქვა, რა ბორჯომი და ჩაი, საბჭოთა კავშირი საქართველოში კიდევ ძალიან დიდხანს არ დაინგრევა, ანუ ეს დამოუკიდებლობაც ფორმალური იქნებაო.

მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და არ მესმოდა, რად უნდოდა საბჭოთა კავშირის განადგურებას ამხელა დრო, როცა ის უკვე აღარ არსებობდა. თუმცა, გავიდა ეს ათწლეულები, რამდენჯერმე ვიომეთ, ვიშიმშილეთ, გავიყინეთ, ვიბლატავეთ, ასეთი მმართველიც გვყავდა, ისეთიც, ასეთ-ისეთიც, ბევრნაირი წყობა მოვსინჯეთ და, აი, მივედით იქ, სადაც დღეს ვართ – საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში. ოღონდ ამ და იმ საბჭოთა საქართველოებს შორის ერთი არცთუ პატარა განსხვავებაა – მაშინ სისხლით და ხიშტით შეგვითრიეს "ესესერში" და დღეს ჩვენი სურვილით ვართ იქ.

როგორც ისტორიამ გვაჩვენა, ქართველისთვის ჯერ არ შექმნილა საბჭოურ სისტემაზე უფრო მოსაწონი და მორგებული მდგომარეობა – უსაქმურობა, სახელმწიფოსთვის ფულის პარვა, მექრთამეობა და ქეიფი. პარვა და თქვლეფა, მოკლედ რომ ვთქვათ, სხვა არანაირი საფიქრალი. ამას დაჩვეული საქონლებად ქცეული ადამიანები, რომელთა სახელი ლეგიონია, დროთა განმავლობაში ძალიან უკმაყოფილოები დარჩნენ ამ თქვენი ნაქები თავისუფლება-დამოუკიდებლობით, რადგან აღარ იყო მოსაპარი ფული, მოსატყნავი ნატაშა, არსასიარულო სამსახური და სამსართულიანი სუფრები – ფული გაქრა, მას მიყვნენ გოჭები და ნატაშა, სამსახურშიც მარტო მცოდნეების დასაქმება დაიწყო და დარჩა ეს ჩვენი ლეგიონი აღელვებული – მათ ქართველობა წაართვეს.

და ზუსტად ამას ჩაავლო ბიძინა ივანიშვილმა – მან გარედან თითქოს დემოკრატიული ქვეყანა შიგნიდან ისევ გაასაბჭოვა და ზუსტად ეს არის ამ კაცის ყველაზე ეშმაკური სვლა, მან ლეგიონს მიუგდო ის, რაც ძალიან ენატრებოდათ – ჩოხაში გამოწყობილი საბჭოთა სისტემა.

ხანდახან რაღაცის აღსაქმელად მისი შორიდან დანახვაა აუცილებელი და თუ ჩვენ ახლა ცოტა დისტანციიდან, ვთქვათ, დანიიდან შევხედავთ საქართველოს, დავინახავთ ამას: ქვეყანას მართავს ერთი კაცი, რომელსაც არანაირი თანამდებობა არ აქვს და, შესაბამისად, არც პასუხისმგებლობა. მერე მოდის სახელმწიფო ინსტიტუციები, ანუ მისი ხელები, რომლებითაც ბიძინა ივანიშვილი რასაც უნდა, როცა უნდა და როგორც უნდა, ისე გააკეთებს. და აკეთებს კიდეც.

ვინ არიან ეს ხელები? პარლამენტი, სასამართლო, თვითმმართველობები, მედია, სპორტი, ხელოვნება, საპატრიარქო –შივასი არ იყოს, ბატონსაც უამრავი ხელი აქვს და ერთი რომელიმემ გაბედოს და რამე ისე არ იყოს, რა. და იმისთვის, რომ რამე ისე არ იყოს რა, "ხელები" სავსეა ამებებით, ევგლენებით და ქალამანებით. დააკვირდით ამ ხალხს – აგურისთავიან, უგამომეტყველებო და აბსოლუტურად უვიც, უნამუსო პარლამენტარებს, რომელთა ნახევარს არ ამოუღია ხმა და ყოველთვე იღებს პრემიას; ადრე სისხლისმსმელ და დღეს კეთილშობილ მოსამართლეებსა და სასამართლოს, სადაც ყველაფერია, სიმართლის და სამართლის გარდა; ფეხმძიმე ღორების მსგავს გამგებლებს, რომლებიც მთელ ბიუჯეტს ბენზინში, ჯაკუზებში და ურთიერთობებში ხარჯავენ მაშინ, როცა მათ გვერდით ბავშვები ახალ პურზე ოცნებობენ; მედიას, რომელმაც საბჭოთა პროპაგანდაც კი უკან ჩამოიტოვა; საპატრიარქოს, რომელშიც ხან ციანიდის სურნელი ტრიალებს და ხანაც კალაშნიკოვის ტყვიების ზუზუნი ისმის. და ასე შემდეგ, და ასე გაუთავებლად.

საქართველოში დღეს გადაწყვეტილებებს იღებენ ტიპები, რომლებიც ვერც აქამდე და ვერც ამის შემდეგ ვეღარაფერს გადაწყვეტენ. ამიტომ მათ ცოტა დრო აქვთ, მხოლოდ აწმყო. და შესაბამისად ჩქარობენ. რას ჩქარობენ? ფულის შოვნას და კაბინეტში ჯდომით სიამოვნების მიღებას. განა რამდენიმე წელიწადში რომელიმე ანრიოხანაშვილს შეეძლება ამის თქმა - იამზე, ერთი ყავა მომიდუღე და არავინ შემოუშვა? ან შეეძლება ამხელა ატკატების ჩალიჩი? მძღოლის ყოლა? აგარაკების არანათესავ დედებზე გაფორმება? პუტანკებში ძრომიალი? ახალ წელს გოჭების სანათესაოში დაგზავნა? საბჭოთა ჩინოვნიკები სხვას კი არაფერს აკეთებდნენ და ამიტომაც იყო იქ დღევანდელი საქართველოსავით ყველაფერი უკუღმა. და ამიტომაც, ეს ამბავი, როგორც მაშინ, ვერც ახლა გაგრძელდება დიდხანს.

დიდხანს ვერ გაძლებს სისტემა, სადაც პოლიციელები მოქალაქეებზე ნადირობენ, მღვდლებს ადამიანები და ქრისტე ეზიზღებათ, ექიმები ჭრილობას ვერ კერავენ, მასწავლებლები ბავშვებს კითხვის დასმისთვის ეჩხუბებიან იმიტომ, რომ პასუხი არაფერზე აქვთ, ახალგაზრდებს კლავენ და მერე მთელი სისტემა მკვლელების "გადარჩენითაა" დაკავებული, სპორტსმენები სადამსჯელო ჯგუფებად იქცნენ, რამდენიმე წელიწადია დროშა წესიერად ვერ დაკიდეს და ვერ დაადგინეს, რატომ გაძვირდა პური, პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანას ცუდის მეტს არაფერს უკეთებს, "მემარცხენეები" მილიონერებთან და მილიარდერებთან არიან დასაქმებულები, ერთპროცენტიანი რეიტინგის მქონე სახელმწიფო არხზე წელიწადში 70 მილიონი იხარჯება, კრიმინალი და სახელმწიფო ერთ მხარეზეა, ქალი ისევ "კუხნაში" მიგდებული ჭურჭლისმრეცხავი კომბაინია, რომელსაც ვაჟკაცი, როცა მოუნდება, მაშინ დალეწავს. და სადაც არავინ უყვართ და არავისი ეშინიათ ისე, როგორც მტრის...

თუმცა, რუსეთის სიყვარულზე სხვა დროს და ვრცლად იყოს, რადგან ეს ჩოხაც რუსების შეკერილია და სისტემაც, რომელზეც დიდი მზრუნველობით მოგვახურეს, თავისუფლების სიომ ჭაჭებში არ დაგიაროთო.

კომენტარები