სოფლის მეურნეობა

გახარია: დინამიურად ვითარდება სოფლის მეურნეობაც

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე სოფლის მეურნეობის დახმარების შესახებ ისაუბრა.

"დინამიურად ვითარდება სოფლის მეურნეობაც", - თქვა პრემიერმა. გიორგი გახარიას თანახმად, სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებით 70 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა.

პრემიერმინისტრმა სოფლის მეურნეობის მინისტრს დაავალა, "განსაკუთრებით ყურადღება" მიექცეს რთველს, რომელსაც წელს სახელმწიფო დამატებით 69 მილიონი ლარით დააფინანსებს. მთავრობა ყურძნის სუბსიდირებას წელსაც გეგმავს და, შედეგად, რქაწითელისა და კახური მწვანეს მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება.

გარდა ამისა, პრემიერმა ახსენა 15 ივლისს სეტყვის შედეგად დაზარალებული სოფლები თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში და თქვა, რომ იქაურ ფერმერებს მთავრობამ "განსაკუთრებული ყურადღება" უნდა მიაქციოს.

ჯამში სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ანტიკრიზისული პროგრამის ღირებულება 300 მილიონ ლარს მიაღწევს. თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი.

კომენტარები