ტურიზმი

თურნავა: თუ იმდენი ვალუტა არ გვაქვს, ვიმოგზაუროთ საქართველოში და დავეხმაროთ საქართველოს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მედიას მოუწოდებს, დაეხმაროს შიდა ტურიზმს და წარმოაჩინოს "საუკეთესო ადგილები, კუთხეები, კურორტები".

"ახლა გახლდით თუშეთში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - ჩვენ ისეთი სიმდიდრის პატრონები ვართ, რაც შეშურდება ძალიან ბევრ სახელმწიფოს. ერთად დავეხმაროთ ქართულ ტურიზმს, ერთად წარმოვაჩინოთ ეს სიმდიდრე კიდევ ერთხელ, ვიმოგზაუროთ საქართველოში" - ამბობს თურნავა.

კითხვაზე, "კარგია საქართველოში მოგზაურობა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმდენი ვალუტა", ეკონომიკის მინისტრი პასუხობს - "თუ არ გვაქვს იმდენი ვალუტა, უმჯობესია, ვიმოგზაუროთ საქართველოში, ჩვენი ვალუტით დავეხმაროთ საქართველოს, წინა წლებში რამდენადაც შემოდიოდა უცხოელების მიერ დახარჯული ვალუტა, იმდენი გადიოდა ჩვენი მოქალაქეების მიერ გარეთ დახარჯული ვალუტა დასვენების დროს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა. ამის მიუხედავად, მთავრობამ რეგულარული ფრენების აკრძალვა კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივა. შესაბამისად, ღია საზღვრებით სარგებლობა ჯერჯერობით შეუძლებელია, როგორც საქართველოს, ასევე, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

ოფიციალურად რეგულარული ფრენები პირველი აგვისტოდან უნდა აღდგეს, თუმცა, ფინანსთა მინისტრმა 2 ივლისს თქვა, რომ "საზღვრების გახსნას სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, რომ ქვეყნები და მიმოსვლის წესი სწორად შეირჩეს". მისი აზრით, "შემდეგი 1-2 თვისთვის ეს ადეკვატური მიდგომაა".

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, უსაფრთხო ქვეყნების რეკომენდებული სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომლებთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცნენ ჩეხეთი, დანია, ავსტრია და უნგრეთი. რაც შეეხება იტალიას, იქ შესულ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს სავალდებულო თვითიზოლაცია მოუწევთ.

უფრო ვრცლად ტურისტულ სექტორში შექმნილ პრობლემებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები