ტურიზმი

თურნავა: არ უნდა დავხარბდეთ ერთჯერად გადაწყვეტილებებს, რომ ყველასთან გავხსნათ საზღვრები

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ტურიზმის სფეროს შესახებ ილაპარაკა.

ნათია თურნავას თქმით, "არ უნდა დავხარბდეთ" ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა, მაგალითად, ყველასთვის საზღვრების გახსნა.

"ყველანი ვთანხმდებით იმაში, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, არ უნდა დავხარბდეთ რაღაცა ერთჯერად, სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რომ, აი, გავხსნათ ყველასთან საზღვრები.

თუმცა ამის შესაძლებლობას იძლევა ისიც, რომ ჩვენ თხუთმეტ ქვეყანაში ვართ მოხვედრილი". - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

ნათია თურნავას თქმით, მთავრობამ ტურიზმის სექტორის ბევრი ინიციატივა წარადგინა, როგორიცაა, მაგალითად, ბიზნესვიზიტორებისთვის საზღვრების გახსნა.

"რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მარტო ბიზნესმიზანი, აუცილებლად არ გაუშვებენ ხელიდან ამ შანსს და ტურისტულადაც იმოგზაურებენ". - ამბობს მინისტრი.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, დასრულებულია მოლაპარაკებები გერმანულ Lufthansa-სთან, რომელიც 2 აგვისტოდან რეგულარულ ფრენებს დაიწყებს მიუნხენის მიმართულებით. გარდა ამისა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს Air France-თან და Air Baltic-თან.

"სიხშირეები არის ის თემა, რაზეც გვინდა, ბოლო წერტილი დავსვათ მოლაპარაკებაში". - ამბობს მინისტრი.

ნათია თურნავას თქმით, მთავრობის ამოცანაა, მოძებნოს ბალანსი საზღვრების გახსნასა და ეპიდემიოლოგიურ კეთილსაიმედოობას შორის.

საქართველოს მთავრობამ ხუთ ქვეყანას უპირობოდ გაუხსნა საზღვარი. გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეებს/რეზიდენტებს საქართველოში ჩამოსვლა კარანტინის გარეშე შეეძლებათ. თუმცა, იმავე ქვეყნებიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

როგორც მთავრობის 10 ივლისის დადგენილებაში ვკითხულობთ, საქართველოდან რეგულარული ფრენები მხოლოდ მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებში შესრულდება.

 

კომენტარები