ქართული ოცნება

მდინარაძე ცრუობს და ამბობს, რომ FB-ს ენმ-ს გარდა არცერთი პარტია არ უხსენებია

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი, მამუკა მდინარაძე ცრუობს და ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდა არცერთი პოლიტიკური სუბიექტი, გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა, Facebook-ს თავის ოფიციალურ განცხადებაში არ უხსენებია. 

ამის შესახებ დეპუტატმა Facebook-ის ახალ გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთებისას ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სოციალური ქსელი 2020 წლის აგვისტოდან საქართველოში არჩევნებისა და პოლიტიკის შესახებ რეკლამებზე ავტორიზაციას მოითხოვს

"არცერთი პოლიტიკური სუბიექტი, გარდა ნაცმოძრაობისა, თავის ოფიციალურ განცხადებაში არასდროს Facebook-ს არ უხსენებია. ნაციონალური მოძრაობა არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის სამარკო, დამახასიათებელი ნიშანია და საფუძველია მისი PR-კამპანიის ტყუილი, ფეიკნიუსები". – თქვა მამუკა მდინარაძემ. 

2019 წლის 20 დეკემბერს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან პირველად წაშალა ქართული ანგარიშები "კოორდინირებული, არაავთენტური ქცევის" გამო. ამავე დღეს გავრცელებულ განცხადებაში სოციალური ქსელის გიგანტი პირდაპირ წერდა, რომ ეს ანგარიშები დაკავშირებულები იყო ქართული ოცნების ხელისუფლებასა და სარეკლამო კომპანია პანდასთან

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით, ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება". – წერდა Facebook-ი 2019 წლის დეკემბერში. 

მოგვიანებით, 2020 წლის მაისში Facebook-მა ქართული ანგარიშების ორი დიდი ქსელი წაშალა, რომელთაგან ერთი ქართული ოცნების PR კონსულტანტ კოკა ყანდიაშვილის მედია ეSპერსონასთან იყო დაკავშირებული და ჯამში 790 ანგარიშს მოიცავდა. მეორე ქსელი კი უკავშირდებოდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – ამ ქსელის ფარგლებში პლატფორმიდან 154 ქართული ანგარიში გაუქმდა

ყანდიაშვილის ეSპერსონასთან დაკავშირებული ანგარიშების შესახებ კი სოციალური ქსელის ადმინისტრაცია წერდა: 

"ეს არაავთენტური აქტივობა აღმოვაჩინეთ ჩვენი გამოძიების ფარგლებში, რომელიც შეეხებოდა საეჭვო კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას, რომლის შესახებაც იუწყებოდა ადგილობრივი ფაქტების შემმოწმებელი ორგანიზაცია საქართველოში და რომელსაც კავშირები ჰქონდა იმ ქსელთან, რომელიც 2019 წლის დეკემბერში გავაუქმეთ".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები