ჯანდაცვა

სოფლის ამბულატორიები წყლის, გათბობის, აღჭურვილობის გარეშე - ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველმა შეისწავლა, რა მდგომარეობაა სოფლის ამბულატორიებში. ომბუდსმენმა იმერეთის, აჭარის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში საქართველოს 16 მუნიციპალიტეტის 70 სოფლის ამბულატორია შეისწავლა.

სახელმწიფოს დადგენილი აქვს, რომ სოფლის ამბულატორიას უნდა ჰქონდეს:

  • მოსაცდელი და ექიმის საკონსულტაციო ოთახი.
  • ექიმის საკონსულტაციო ოთახ(ებ)ი უნდა აღიჭურვოს საოფისე ავეჯით (საოფისე მაგიდით, პაციენტის გასასინჯი ტახტითა და სამედიცინო (მედიკამენტების/ინსტრუმენტების) კარადით;
  • ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დასაცავად, შენობის დასასუფთავებლად და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, სანიტარიული კვანძი, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები).
  • ექიმის საკონსულტაციო ოთახ(ებ)ში უნდა იყოს ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ვენტილაცია.
  • ამბულატორიული სერვისის მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის (მ.შ. პანდუსი).

აღმოჩნდა, რომ იქ, სადაც ექიმები მოქალაქეებს უნდა მოემსახურონ, არ არის ხელსაბანი, გამდინარე წყალი; დაზიანებულია წყალგაყვანილობის სისტემა. შესაბამისად, ამ დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა შეუძლებელია.

ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას გურჯაანის, დმანისის, გარდაბნის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ამბულატორიებში. ოთახები, სადაც განთავსებულია ამბულატორიები, ასევე ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს. კედლები და იატაკი დაზიანებულია, ფანჯრები არაჰერმეტულია.

სოფელ ფუთის და მუხროვანის ამბულატორიები
ფოტო: სახალხო დამცველი
ამბულატორიების ნაწილი, მაგალითად, სოფლებში: მეორე სვირი, თხინვალი, დედალაური, ივანდიდი, გვიშტიბი, ფუთი, კულაში, ბაში, ტყაჩირი, გომბორი, ჯიმითი, მუხროვანი, ზამთრის პერიოდში შეშით თბება, ნაწილი - ელექტროღუმელით. მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს გამართული გათბობის ცენტრალური სისტემა. ზოგიერთ დაწესებულებაში სისტემა დამონტაჟებულია, მაგრამ გაზი არ მიეწოდება, ანდა გაზის საფასურის გადახდა უშუალოდ პერსონალს უწევს.

სოფელ ჯიმითის და სოფელ ნარზალოს ამბულატორიები
ფოტო: სახალხო დამცველი
ამბულატორიების ნაწილი, მაგალითად, სოფლებში - ჯიმითი, უჯარმა, გვიშტიბი, ჯანდარა, მუხროვანი, მაღლაკი, კირნათი, საჩინო - ბოლო პერიოდში არ გარემონტებულა.

სოფლების; ჯიმითის, უჯარმის, გვიშტიბის ამბულატორიები
ფოტო: სახალხო დამცველი
ამავე ამბულატორიებში არ არის/ან არ ფუნქციონირებს სველი წერტილები. ხშირ შემთხვევაში, ისინი განთავსებულია შენობის გარეთ და მინიმალურ სანიტარიულ-ჰიგიენურ სტანდარტებს არ შეესაბამება. სავალალო მდგომარეობაა გარემონტებული ამბულატორიების სანიტარიულ კვანძებში, სადაც უხარისხო რემონტის გამო, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, მაგალითად, სოფლებში: არაშენდა, ბაკურციხე, მაღლაკი, ჭოგნარი.

ვაქცინაცია

ამბულატორიების უმრავლესობაში ტარდება იმუნიზაცია, რომელიც დადგენილ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სუბიექტის ვაქცინაციის კაბინეტი მოქმედი კანონმდებლობით უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ მოთხოვნებს;

კაბინეტი უნდა იყოს სუფთა, მშრალი და დაცული მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან, მოსახერხებელი გადაადგილებისათვის როგორც ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის, ისე პაციენტის/თანმხლები პირისათვის. იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სუბიექტს, სავალდებულოა, ჰქონდეს ადგილი, სადაც პაციენტს და/ან მის თანხმლებ პირს ექნება დაყოვნების საშუალება როგორც ვაქცინაციამდე, ისე მის შემდეგ.

კაბინეტს უნდა ჰქონდეს:

ა) მაგიდა ვაქცინებისა და საინიექციო აღჭურვილობისათვის;

ბ) სკამი თანმხლები პირისთვის, რათა მან შეძლოს აცრის ჩატარების დროს ბავშვის დაჭერა სათანადო პოზიციაში და სამედიცინო ტახტი;

გ) გამდინარე წყლით, საპნითა და ხელსაწმენდი საშუალებებით აღჭურვილი ხელსაბანი ნიჟარა და, აგრეთვე, ერთჯერადი ხელთათმანების მარაგი;

დ) პირველადი სამედიცინო დახმარების და ანტიშოკური საშუალებები: კორტიკოსტეროიდული ჰორმონები (ადრენალინი, პრედნიზოლონი, ჰიდროკორტიზონი და სხვ.), ანტიჰისტამინური პრეპარატები (სუპრასტინი, დიმედროლი და სხვ.), საგულე საშუალებები (ნიკეტამიდი, კოფეინი, კორგლიკონი და სხვ.), გლუკოზის ხსნარი, ფიზიოლოგიური ხსნარი, ნიშადურის სპირტი, ბამბა, სპირტი, სათბური, ლახტი;

ე) მაცივარი და/ან ვაქცინმზიდი ყინულის ელემენტებით (რომელიც გამოიყენება, როგორც ვაქცინების ტრანსპორტირებისათვის, ისე აცრის ჩატარების პერიოდში ვაქცინის გახსნილი ფლაკონის სათანადო ტემპერატურაზე შესანახად), თერმომეტრი;

ვ) მაცივრის ტემპერატურის ყოველდღიური (დღეში ორჯერ) რეგისტრაციის ფორმა, რომელიც დაწესებულებაში ინახება 5 წლის განმავლობაში;

ზ) პენოპლასტის/პოროლონის საფენი და/ან ღრუბელი ვაქცინის ფლაკონისათვის;

თ) სათანადო საინიექციო აღჭურვილობა აცრების ჩასატარებლად, ერთჯერადი შპრიცი ვაქცინების აღსადგენად;

ი) უსაფრთხო ყუთი გამოყენებული შპრიცების და ნემსების შესაგროვებლად (ერთჯერადი კონტეინერი ბასრი სამედიცინო ნარჩენების შესაგროვებლად).

სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის პროცესში დაწესებულებების სამედიცინო პერსონალთან შეხვედრების და შენობების დათვალიერების დროს გამოიკვეთა, რომ ხშირად ამბულატორიებში არ არის ცალკე სივრცე აცრების ჩასატარებლად. ვაქცინაცია ტარდება იმავე ოთახში, სადაც პაციენტების მიღება და სხვა პროცედურები მიმდინარეობს. ასევე პრობლემაა გამდინარე წყლით, საპნითა და ხელსაწმენდი საშუალებებით აღჭურვილი ხელსაბანი ნიჟარა.

ამავე დროს, მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ ყველა ამბულატორიას აქვს მაცივარი და/ან ვაქცინმზიდი ყინულის ელემენტებით (რომელიც გამოიყენება როგორც ვაქცინების ტრანსპორტირებისათვის, ისე აცრის ჩატარების პერიოდში ვაქცინის გახსნილი ფლაკონის სათანადო ტემპერატურაზე შესანახად), ასევე, თერმომეტრი, თუმცა რიგ ამბულატორიაში მოძველებული ელექტროგაყვანილობის და სხვა ხარვეზის გამო, მაცივრები არ გამოიყენებოდა ან დაზიანებული იყო. პერსონალის განმარტებით, ამ პრობლემის შესახებ მათ უკვე შეატყობინეს სოციალური მომსახურების სააგენტოს და ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას.

სოფლის ექიმები

სოციალური მომსახურების სააგენტომ 2014 წელს ერთჯერადად უზრუნველყო სოფლის ექიმები აუცილებელი მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით, ექიმის ჩანთა (შევსებული) ასევე გადაეცემოდა ყოველ ახალ ექიმს.

მოქმედ ექიმებს, უკვე მუშაობის პროცესში, საკუთარი ანაზღაურებიდან ყოველთვიურად უწევდათ სამედიცინო ჩანთის განახლება სამედიცინო პროდუქციის ხარჯვის გათვალისწინებით.

ექიმები, რომლებიც ბევრ პაციენტს ემსახურებოდნენ, მეტს ხარჯავდნენ როგორც მედიკამენტების ჩანთის განახლებაში, ისე ტრანსპორტირებაში, ხოლო ექიმები, რომლებიც ნაკლებ დროს უთმობდნენ სოფლის ექიმად მუშაობას, ნაკლებ ხარჯს გასწევდნენ.

მომდევნო წლებში სოციალური მომსახურების სააგენტო აღნიშნული მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნების (გარდა ტონომეტრის და გლუკომეტრისა) კომპლექტებს 6 თვეში ერთხელ შეავსებდა, იმ ოდენობის ფარგლებში, რაც დადგენილი იყო სამედიცინო ჩანთის შესავსებად. სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის პერიოდში, ექიმების განმარტებით, კომუნალური და ტრანსპორტირების ხარჯის გარდა, საჭირო მედიკამენტებსა და სამედიცინო ნივთებს ისევ საკუთარი ხარჯით ყიდულობდნენ, რადგან 6 თვეში ერთხელ შევსება საკმარისი არ იყო. 2019 წლის ნოემბრიდან კი, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების კომპლექტს მოთხოვნის შესაბამისად განაახლებს.

ომბუდსმენი მიუთითებს, რომ სოფლის ექიმის და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში შეტანილმა ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს წინა წლებში არსებული ხარვეზების ეფექტიანი და სწრაფი აღმოფხვრა.

ამასთანავე:

სოფლის ექიმის პროგრამის არასათანადოდ განვითარების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება სამედიცინო პერსონალის (ექიმების და ექთნების) დაბალი ანაზღაურება, რომელიც გაწეულ შრომას არ შეესაბამება. ეს სამედიცინო პერსონალს უკარგავს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევის მოტივაციას.

სოფლად, ექიმი პრაქტიკოსი ექთნის დახმარებით, კოორდინაციას უწევს პაციენტის სამედიცინო მომსახურებას. ისინი გვევლინებიან ქომაგებად, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, დაიცვან პაციენტები და დაეხმარონ მათ სამედიცინო მომსახურების სწორად შერჩევაში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად - კომპონენტის ფარგლებში, კონტრაქტს აფორმებდა (ამჟამად ამას აკეთებს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი) ფიზიკურ პირთან - სოფლის ექიმთან/ექთანთან/ფერშალთან. გამონაკლისი იყო საჩხერის, ყაზბეგის, თიანეთის მუნიციპალიტეტები და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფელი, სადაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ხელშეკრულებას აფორმებდა დაწესებულებებთან (შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“, ს/ს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება“ და შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“), რომლებიც თავად აფორმებენ კონტრაქტს მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებსა და ექთნებთან, თავად ახდენენ მათთვის ასანაზღაურებელი თანხების ადმინისტრირებას და ამ სოფლებში ექიმებისა და ექთნების საქმიანობის მენეჯმენტს.

სოფლის ექიმის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თვეში 650 ლარის, ხოლო ექთნის/ფერშლის - თვეში 455 ლარის ოდენობით. ანაზღაურების სიმცირესთან ერთად, ერთ-ერთი პრობლემა, რაზეც ექიმები ასევე ლაპარაკობენ, არის შვებულების უფლებით სარგებლობა. პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოფლის ექიმზე/ექთანზე საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი არ ვრცელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, 2019 წლის ნოემბრიდან სოფლის ექიმს და სოფლის ექთანს/ფერშალს მიეცა უფლება, წინასწარი შეტყობინების და შეთანხმების საფუძველზე, ისარგებლოს თავისუფალი დღეებით - ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, მხარეებს შორის არსებული/გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების ხანგრძლივობის პროპორციულად, ყოველ თვეზე არა უმეტეს 2 (ორი) კალენდარული დღისა, რომლის გამოყენება შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ ან უწყვეტად, მაგრამ, ერთჯერადად არა უმეტეს

დღეების ჯამური ოდენობის ნახევრისა, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი კი უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას. მიუხედავად თავისუფალი დღეებით სარგებლობისა, სოფლის ექიმს, სოფლის ექთანს/ფერშალს მიეცემა მომსახურების ღირებულება.

ასევე, სოფლის ექიმებს/ექთნებს მიეცათ მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირად დარეგისტრირების უფლება, რაც მათ ათავისუფლებს საშემოსავლო გადასახადისგან.

სოფლის ექიმი/ექთანი დასაქმებულად არ მიიჩნევა, იგი მხოლოდ მომსახურების მიმწოდებელია, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად.

2018 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას დაემატა საჯარიმო სანქციების მუხლი, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ.

ამ მიმართულებით პრობლემები გამოიკვეთა აჭარის რეგიონის, დმანისის, ბოლნისის მუნიციპალიტეტების 30-მდე სამედიცინო პერსონალთან ჩატარებულ ფოკუსჯგუფებში. ექიმები აპროტესტებენ არაადეკვატურად მაღალ ჯარიმებს, განსაკუთრებით ელექტრონულ პორტალზე ხარვეზით შეტანილი ინფორმაციის გამო. მათი მოსაზრებით, დაჯარიმება უნდა ხდებოდეს შეფასების სისტემის საფუძველზე, ინდიკატორების მიხედვით და სწორ სტიმულებზე უნდა იყოს ორიენტირებული. რეალურად, როდესაც სისტემა გაუმართავია, ონლაინ პროგრამა ხშირად შეფერხებებით მუშაობს. შედეგად, ექიმები საკმაოდ დიდ დროს ანდომებენ ინფორმაციის შეყვანას და ასახვას. ხოლო, თუ ინფორმაცია დროულად არ აისახა, ექიმი დაჯარიმდება ხარვეზის გამო.

სოფლის ექიმები, ანაზღაურების სიმცირის გამო, იძულებულები არიან სხვა სამსახური შეითავსონ. ყველაზე ხშირად ეს არის სასწრაფოს ექიმის პოზიცია. ასევე ითავსებენ რაიონის პოლიკლინიკის ოჯახის ექიმის პოზიციას. ამ ვითარებაში, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ ექიმს უწევს რამდენიმე სოფლის მომსახურება, იგი ვერ ახერხებს სამოქმედო არეალში არსებული ყველა სოფლის დროულად მონახულებას, რაც შეუძლებელს ხდის ოპტიმალური დახმარების ადრეული გაწევის პრინციპის დაცვას. ეს, თავის მხრივ, სოფლის მოსახლეობისთვის ექიმის ხელმისაწვდომობის პრობლემას წარმოქმნის. ადგილობრივი დამხმარე პერსონალის (ექთნის) მოძიება, საექთნო განათლების და გადამზადების სისტემის ხელშეწყობა, მათი ანაზღაურების/მოტივაციის სქემების გადახედვა გარკვეულწილად შეარბილებდა ადგილზე არსებულ მწვავე მდგომარეობას.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ მწვავედ დგას ამბულატორიებში კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფის და ინტერნეტის მიწოდების საკითხი. აჭარის გარდა, სხვა რეგიონებში არა აქვთ კომპიუტერები, ინტერნეტი.

სოფლის ექიმები იძულებულები არიან, თანხა მესამე პირს გადაუხადონ, რათა ამ პირმა პაციენტებისთვის ჩატარებული იმუნიზაციის შესახებ და სხვა ინფორმაცია, შესაბამის ბაზებში ასახოს ან სახლში სამუშაო საათების შემდეგ შეიტანოს ინფორმაცია ელექტრონულად. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მათთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თუ ბაზებში შესაბამისი ინფორმაცია კონკრეტულ ვადაში არ აისახა, ან რამე ხარვეზი გამოიკვეთა, ექიმს ჯარიმა დაეკისრება.

გასაუბრების დროს ექიმები აღნიშნავდნენ, რომ სისტემა გაუმართავია, პროგრამა ხშირად ხარვეზებით მუშაობს. შედეგად, დიდ დროს ანდომებს ინფორმაციის შეყვანას და ასახვას, თუ არ შეინახა ინფორმაცია, ამის გამოც ექიმი ჯარიმდება. კომპიუტერების და ინტერნეტის არქონის გამო არა აქვთ წვდომა მიმაგრებული პაციენტების ბაზებზე, და მათზე მიმაგრებული პაციენტის ისტორიის ნახვა არ შეუძლიათ. ასევე გაჭიანურებულია სისტემის იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ბენეფიციარებისა და მათთვის ჩატარებული (მ.შ. წინა პერიოდში) გეგმური და არაგეგმური აცრების თაობაზე მოცულობითი ინფორმაციის ატვირთვა. ზოგიერთ ამბულატორიას (მაგალითად, სოფლები - უჯარმა, პატარძეული, კაკაბეთი, ფუთი, მერისი) არ აქვს შემოღობილი ეზო, ან სავალი გზის პირას მდებარეობს, რაც ზაფხულობით მტვრის და ხმაურის პრობლემას ქმნის.

კომენტარები