აია-სოფია

კვიპროსის ეკლესია: აია-სოფია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეკუთვნის

კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II
orthodoxtimes.com

კვიპროსის ეკლესია ღრმა მწუხარებას გამოხატავს აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გამო. კვიპროსის ეკლესიამ თურქეთის მთავრობის ნაბიჯი შეაფასა როგორც “შეგნებული არჩევანი” დაშორებოდა ევროპას და აეღორძინებინა ოსმალეთის იმპერიის ისლამური ხედვა. კვიპროსის ეკლესია აფრთხილებს თურქეთს, რომ ეს გადაწყვეტილება ქრისტიანობასა და ისლამს შორის დიდი განხეთქილების მომტანი იქნება.

ვინაიდან კვიპროსის ეკლესიას არ სჯერა, რომ თურქეთის ხელისუფლება მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლის, ეკლესია გამოდის წინადადებით, კონსტანტიპოლის საპატრიარქოს საშუალება მიეცეს აია-სოფიას ერთ-ერთ ნაწილში ქრისტიანებისთვის ლიტურგია აღავლინოს. კვიპროსის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აია-სოფიას ჭეშმარიტ მფლობელად მოიხსენია.

10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ აია-სოფიას საკითხზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 1934 წელს აია-სოფიას მუზეუმად გადაკეთების გადაწყვეტილება გაუქმებულია. შესაბამისად, ამის საფუძველზე შესაძლებელი იქნება, აია-სოფია კვლავ მეჩეთად გადაკეთდეს.

აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ემხრობოდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მმართველი პარტია.

10 ივლისს იუნესკომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ, ცვლილებების შემთხვევაში, აია-სოფიას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი გადაიხედება.

გაეროს სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აია-სოფია სტამბოლის ისტორიული არეალის ნაწილია და მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულია მუზეუმის სტატუსით, რასაც თან ახლავს გარკვეული სამართლებრივი ვალდებულებები.

UNESCO-ში განაცხადეს, რომ მათ არაერთი წერილით მიმართეს თურქეთს, გაითვალისწინოს ეს გარემოებები და დაიცვას მემკვიდრეობის უნიკალურობა და მნიშვნელობა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პირველ ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლითაც თურქეთს მოუწოდა, დატოვოს აია-სოფია მუზეუმად. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრიტიკა და მოწოდებები თურქეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად გამოაცხადა.

აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხს გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავ ნეიტრალურ სივრცედ დარჩება.

აია-სოფიას ისტორიისა და ერდოღანის პოლიტიკის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში – წმიდა სიბრძნის ბედი თურქეთში - აია-სოფია და ერდოღანის მესიჯი დასავლეთს.

 

კომენტარები