სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: თქვენი მცდელობა, რომ მე გამასაღოთ, როგორც პრო მოძალადე, ძალიან სასაცილოა

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 2 დღის წინანდელი განცხადება განმარტა.

პრეზიდენტის თქმით, მისი ნათქვამი არასწორად ჟურნალისტებმა გაიგეს.

"დავიღალე თქვენი, უფრო სწორად, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემ მიმართ. თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემა არის. თუ თქვენ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემა არის. თქვენი მცდელობა, რომ მე გამასაღოთ, როგორც პრო მოძალადე, ძალიან სასაცილოა. მე რაც ვიგულისხმე, ერთი ერთზე ვთქვი. არ მითქვამს, რომ ერთი ერთზე ძალადობა კარგია, არ მითქვამს არც ჩხუბი. ვთქვი ერთო ერთზე ვაჟკაცობა და ერთი ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, საუბარი, სიყვარული, თქვენ ალბათ არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. ვთქვი ის, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, არ არის ჯგუფურ ძალადობაში. ვაჟკაცობა არის აღიარებაში, ამაზე უნდა გეფიქრათ. ვაჟკაცობა არის მონანიებაში". - თქვა ზურაბიშვილმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ლაპარაკისას პრეზიდენტმა 15 ივლისს განაცხადა:

"ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე, არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, ძალიან არაქართული და, მე მგონი, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენ ღირებულებებს. კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე – ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის მონანიება"

ზურაბიშვილის ეს განცხადება სახალხო დამცველმა და პოლიტიკოსებმა ძალადობის წახალისებად შეაფასეს.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე, მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

ექსპერტიზის მიზედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზისვე დასკვნით, სიკვდილამდე შაქარაშვილს არაერთი დაზიანება მიაყენეს, მათ შორის, ბლაგვი საგნით.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები