პრეზიდენტის ბულინგი

შეგვიძლია თუ არა მოქალაქეებს მთავარსარდლის დაბულინგება?

ცისია კირვალიძე
0 კომენტარი

პრეზიდენტი ზურაბიშვილი თავს დატეხილი კრიტიკის შემდეგ თავს კვლავ ბულინგის მსხვერპლად მიიჩნევს. სალომე ზურაბიშვილმა დღეს მედია უზრდელობაში დაადანაშაულა, ქართული ენის ცოდნა დაუწუნა და მედიის მიერ წინადადების წაკითხვის უნარის ქონაში დაეჭვდა. კრიტიკოსებს სალომე ზურაბიშვილის დაწუნებულ ქართულზე გაეცინათ და ამჯერად უცხო სიტყვების ცოდნაზე მოედავნენ. 

ესმის თუ არა პრეზიდენტს სიტყვა "ბულინგის" მნიშვნელობა და ხომ არ ამცრობს და აუფასურებს ის მწვავე საზოგადოებრივ პრობლემას? 

იმის გასარკვევად, შეგვიძლია თუ არა თმენის ვალდებულების მქონე უმაღლესი თანამდებობის პირთა ბულინგი, ლექსიკონსა და პროფესიონალებს მივმართეთ.

ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონში ვკითხულობთ, რომ ბულინგი ძალის ან ძალაუფლების გამოყენებაა, რათა შეაშინო ან ავნო უფრო სუსტ ადამიანს.  

"მეტად ძლიერი ან ძლევამოსილი ადამიანის მიერ დაუცველის შეურაცხყოფა ან ცუდად მოპყრობა", - ვკითხულობთ მერიამ-ვებსტერის ლექსიკონში.

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი, ანა აბაშიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი მოქალაქისგან ბულინგის მსხვერპლი ვერ გახდება, რადგან მასზე აღმატებული უფლებები აქვს. 

"ჩვენსა და პრეზიდენტს შორის არ არის თანაბარი ურთიერთობა, ჩვენ არ გვაქვს ერთი და იგივე ძალაუფლება, რადგან მას ჩვენთან შედარებით ლეგალური აღმატებული უფლებები აქვს. აქედან გამომდინარე, თეორიულად, მოქალაქე ვერანაირად ვერ ჩაიდენს ბულინგს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გაცილებით უფრო ძალმოსილია, მაშინაც კი, თუ დასჭირდა სამართლებრივი გზების გამოყენება.

ყველაფერს რომ ბულინგი ვეძახოთ, ეს არ არის სწორი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მხარეები არ არიან თანაბარუფლებიანნი და ძალმოსილი მხარე ლაპარაკობს ბულინგზე - ეს საერთოდ გამორიცხავს ბულინგის არსებობის ფაქტს, თუნდაც კონკრეტული კრიტიკა ყველაზე მწვავე იყოს", - ამბობს აბაშიძე. 

კითხვაზე, აკნინებს თუ არა პრეზიდენტის სიტყვები იმ ადამიანებს, ვინც ნამდვილად არიან ბულინგის მსხვერპლნი, ანა აბაშიძე გვპასუხობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ასეთ ადამიანებს მიუთითებს, რომ ამ სისტემაში აზრი არა აქვს, საკუთარ ჩაგრულობაზე ილაპარაკონ და ეუბნება, რომ თავად არის დასაცავი და მათ ვერ დაეხმარება.

"თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალმოსილი, ფორმალურად ყველაზე მაღალი ძალაუფლების მფლობელი ამბობს, რომ არის მოწყვლად მდგომარეობაში, ეს ნიშნავს იმას, რომ, რეალურად, ძალიან სარისკოა მისი მმართველობა. მე ნამდვილად არ მჯერა, რომ სტრესის ქვეშ არის ქალბატონი პრეზიდენტი, მე მჯერა, რომ ის მსუსხავ ეფექტს ახდენს თავისი ვითომ ჩაგრულის მანტიით, რათა ჩვენ გამოხატვა შეგვიზღუდოს. 

როდესაც ამას უსმენს ადამიანი, რომელიც მართლა ჩაგრულია, ხვდება, რომ ამ სისტემაში აზრი არ აქვს ჩაგრულობაზე ილაპარაკო. საინტერესოა ისიც, თუ როგორ მაგალითს აძლევს მოქალაქეს, ვისი მფარველი და დამცველიც უნდა იყოს - პრეზიდენტი გვეუბნება, რომ თვითონ არის დასაცავი და ამით არაპირდაპირ ამბობს, რომ თუ რამე გაგვიჭირდა, მასთან აღარ უნდა მივიდეთ, იმიტომ, რომ სუსტ პოზიციაშია და ვერ დაგვეხმარება", - გვითხრა აბაშიძემ. 

პრეზიდენტს შეუძლია, მოქალაქეები მხოლოდ აქეთ დაგვაბულინგოს. 

თუმცა, მოქალაქესაც გააჩნია. 

------------------------------------------

განათლების სამინისტროს მიერ შედგენილი სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლის შემდეგ სკოლებში ბულინგის შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად იმატებს. 2019 წელს 343 მოსწავლე იყო ბულინგის მსხვერპლი, 2018 წელს - 234, 2017-ში - 215, 2016 წელს 133, 2016-ში კი - 83.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები