ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

საოკუპაციო ძალების მიერ დაჭრილი და დაკავებული ზაზა გახელაძე კარანტინში გადაიყვანეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ძალების მიერ დაჭრილი და დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული დე-ფაქტო სამთავრობო მედია მარიონეტ სამხედრო პროკურორზე, ტიგრან კაბულოვზე დაყრდნობით ავრცელებს. დე-ფაქტო პროკურორის თქმით, კარანტინში გადაყვანის გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო მიიღეს. 

კაბულოვი ასევე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლითაა აღძრული. კერძოდ, ოკუპირებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე-ფაქტო პროკურატურა ზაზა გახელაძეს მარიონეტი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასა და დე-ფაქტო საზღვრის "უკანონო" კვეთას ედავება. 

ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის სახელმწიფო უშიშროების დე-ფაქტო სამსახური ავრცელებს განცხადებას და წერს, რომ იმისათვის, რომ საკითხის ირგვლივ მაქსიმალური აჟიოტაჟი შეიქმნას, "ქართული რეჟიმი პირფერულად იყენებს გახელაძის ოჯახის წევრებსა" და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს. 

"ამ ფონზე რამდენიმე ქართველმა პოლიტიკოსმა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართა დახმარების მოთხოვნით, ემსჯელათ ასეთი პრობლემების დროს არსებული მექანიზმების არაეფექტურობაზე". – წერია განცხადებაში. 

11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა რუს სამხედროებს და საპასუხო სროლის დროს დაიჭრა. მას აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და გადაიყვანეს ახალგორის საავადმყოფოში, სადაც ამ დრომდე იმყოფება. 

კომენტარები