რუსეთი

ხაბაროვსკში პროტესტი გრძელდება – 18 ივლისს ქუჩაში ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა

0 კომენტარი
ფოტო: RBK

რუსეთში, ხაბაროვსკში ათიათასობით მოქალაქე კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩებში მხარის არჩეული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია. 

აქციაზე, რომელიც ადგილობრივი დროით დღის 12 საათზე დაიწყო, მომიტინგეები ითხოვენ, რომ სერგეი ფურგალი მოსკოვის იზოლატორიდან ხაბაროვსკში გადაიყვანონ და ადგილობრივმა სასამართლომ გაასამართლოს. 

რუსული მედიის ცნობით, ათიათასობით მომიტინგეს სიგნალებით ამხნევებდნენ ქუჩაში მოსიარულე ავტომობილების მძღოლებიც. ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 3 საათისთვის მომიტინგეებმა ქალაქის მერიის შენობის წინ გადაინაცვლეს და მერთან, სერგეი კრავჩუკთან შეხვედრა მოითხოვეს. პასუხად კრავჩუკმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები პროტესტისთვის ფულს იღებენ. 

ხაბაროვსკში სერგეი ფურგალის მხარდამჭერი აქციები წინა დღეებშიც გაიმართა, თუმცა დღევანდელი პროტესტი გაცილებით მასშტაბური იყო. პროტესტის დროს მოქალაქეები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადადგომასაც ითხოვდნენ. 

სერგეი ფურგალი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელმაც გუბერნატორის არჩევნებში მმართველი ძალის, "ერთიანი რუსეთის" კანდიდატი დაამარცხა. მას ბრალად ედება 2004-05 წლებში ბიზნესმენების მკვლელობების ორგანიზება. 

გასულ დღეებში გამართული აქციების შემდეგ ფურგალის ადვოკატმა მომიტინგეებს მოუწოდა, რომ მისი მხარდამჭერი აქციები აღარ გამართონ. როგორც ადვოკატმა მედიასთან თქვა, გუბერნატორი ხალხის მხარდაჭერას აფასებს, მაგრამ არალეგალურ შეკრებებს არ ემხრობა. 

"სერგეი ფურგალს კავშირი არ აქვს ხაბაროვსკის მოქალაქეების, მისი ამომრჩევლების მიერ გამართულ აქციებთან. ის დემონსტრანტებს მადლობას უხდის, მაგრამ დღეს სასამართლოში თქვა, რომ არ ემხრობა მასობრივ აქციებს და, როგორც რეგიონის გუბერნატორს, მიაჩნია, რომ მისმა ამომრჩევლებმა კანონების მიხედვით უნდა იმოქმედონ". - თქვა ადვოკატმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები