ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი

გაფრინდაშვილი: არავითარი მხარდაჭერა არ ჩანს არსაიდან, არავინ არის უსაფრთხოდ

0 კომენტარი
ვაჟა გაფრინდაშვილი ფოტო: ფორმულა

დღეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ოკუპანტებს 49 დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული, საოკუპაციო ძალების მიერ დაჭრილი და გატაცებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ოჯახში მივიდა, მათ მხარდაჭერა გამოუცხადა და საჯარო განცხადება გააკეთა.

"მე და ჩემი მეუღლე ვესტუმრეთ გახელაძეების ოჯახს, რათა მხარში დავუდგეთ ამ მძიმე სიტუაციაში. ეს მდგომარეობა ჩემს ოჯახს გავლილი აქვს საკმაოდ მწვავედ, თითქმის თვე-ნახევრის განმავლობში და იციან, თუ რა არის საჭირო, რომ სამართალმა გაიმარჯვოს. პირველ რიგში, საჭიროა ყველა ჩვენგანის მხარში დგომა ამ ოჯახისადმი. არამარტო ზაზას მიმართ, არამედ ყველას მიმართ, ვინც საოკუპაციო რეჟიმის მიერაა დაკავებული.

ასეთი ფაქტი გაუგონარია ბოლო 10 წლის განმავლობაში. არ შეიძლება, რომ ზაზამ იგრძნოს თავი მარტო. ყველა ჩვენგანის, დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული რიგითი მოქალაქით, მიზანია, რომ დავუდგეთ ამ ოჯახს მხარში და ზაზა რაც შეიძლება მალე ჯანმრთელი დავაბრუნოთ საკუთარ ოჯახში.

ჩვენი ერთიანობის გარეშე წარმატება წარმოუდგენელი იქნება.

ყოველდღიურად ერთმანეთის გამომრიცხავ ფაქტებს ავრცელებენ საოკუპაციო რეჟიმიდან. ლაპარაკობენ გოჩა მღებრიშვილის ღამურების კოლექციაზე, გამოჩნდება ვინმე, ვისაც პუტინზე თავდასხმას დააბრალებენ. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი სიმართლე და ჩვენი ერთიანობა.

სამწუხაროდ, კავშირები ძალიან გაძნელებულია ან თითქმის არ არსებობს. ზაზას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, რაც ცხინვალის ე.წ. მთავრობის ახალი პოლიტიკაა – არა საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას, არამედ პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულს "უკერავენ" მოქალაქეებს იმისთვის, რომ უფრო მეტად დააშინონ მოსახლეობა. 

ჩვენი საზღვრისპირა მოსახლეობა ეცდება, რომ იქით საერთოდ აღარ გაიხედონ, იმიტომ, რომ არავითარი მხარდაჭერა არ ჩანს არსაიდან, არავინ არის უსაფრთხოდ". – ამბობს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები