ენზელ მკოიანი

კადრებში ჩანს, რომ მკოიანი მოქალაქეს იარაღს უმიზნებს, პოლიცია არ აკავებს [VIDEO]

ახალქალაქის ადგილობრივი მედია Akhalkalaki News ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი მოქალაქეს თავის თანამზრახველებთან ერთად გადატენილი იარაღით მისდევს. 

მოგვიანებით კადრებში სამართალდამცველებიც ჩნდებიან, რომლებიც მმართველი გუნდის დეპუტატს, დაკავების ნაცვლად, ეხუტებიან და სიტუაციის განმუხტვას ამ გზით ცდილობენ, რის შემდეგაც ჩანს, რომ მკოიანმა თავიდან უხეშად მოიშორა პოლიციელი და მოქალაქისკენ დაიძრა. პოლიციას მკოიანი არც ამჯერად დაუკავებია. 

საქმე, სავარაუდოდ, 26 მარტს ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებას ეხება, რომლის შედეგადაც არა ენზელ მკოიანი, არამედ პატრიოტთა ალიანსის წევრი, სამველ პეტროსიანი და მკოიანის ძმიშვილი დააპატიმრეს. 

მკოიანმა ინციდენტის შესახებ განცხადება 31 მარტს გაავრცელა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ სამველ პეტროსიანი მას თავს დაესხა და მისი მოკვლა სცადა, ხოლო თვითონ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის უფლება ჰქონდა. 

მკოიანის განცხადებით, დაპირისპირება თავდაპირველად მის ძმიშვილსა და პეტროსიანის შვილს შორის დაიწყო, ინციდენტის დაწყებას კი თავად არ დასწრებია, თუმცა მოგვიანებით ადგილზე მისულმა "მისი განმუხტვა შეძლო". მკოიანის ვერსიით, როდესაც ის და მისი ოჯახის წევრები ტერიტორიის დატოვებას აპირებდნენ, ადგილზე მივიდა პეტროსიანი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე გაისროლა და თან ყვიროდა, რომ მის მოკვლას აპირებდა. 

დეპუტატმა მკოიანმა განცხადებას ვიდეოც დაურთო თან, საიდანაც შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, თუ რა ხდებოდა ადგილზე. 

ტაბულა დაუკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში რატომ არ შეუზღუდეს თავისუფლება ადამიანს, რომელიც გადატენილი იარაღით მოქალაქეს მისდევდა და ასევე რატომ არ დაიწყო მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. 

კომენტარები