ეკონომიკა

წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 1 მილიარდი დოლარით შემცირდა

ბიზნესგარემო და ინვესტიციები ქართულ ბაზარზე
SalFalko / Meritus Media

რამდენიმე დღის წინ ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 96,7%-ით შემცირდა და სულ 11.2 მილიონ დოლარს გაუტოლდა. 

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს უკვე მეოთხე თვეა, რაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი თვიურ ჭრილში თითქმის განულებულია. ჯამურად წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 999.5 მილიონი დოლარით შემცირდა. 

2019 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობიდან 1.456 მილიონი დოლარი მიიღო, იგივე მაჩვენებელი წელს 456.5 მილიონ დოლარს უტოლდება.

მოცემულ პერიოდში ბოლო 2 წლის განმავლობაში, თვეების მიხედვით ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემდეგნაირად შეიცვალა:

  • 2019 წლის იანვარი — $164,5 მილიონი; 2020 წლის იანვარი — $193,4 მილიონი;

  • 2019 წლის თებერვალი — $169,2 მილიონი; 2020 წლის თებერვალი — 160,5 მილიონი;

  • 2019 წლის მარტი — $244,7 მილიონი; 2020 წლის მარტი — 73,8 მილიონი;

  • 2019 წლის აპრილი — $267,2 მილიონი; 2020 წლის აპრილი — 8,5 მილიონი;

  • 2019 წლის მაისი — $270,4 მილიონი; 2020 წლის მაისი — $9,1 მილიონი;

  • 2019 წლის ივნისი — $340 მილიონ; 2020 წლის ივნისი — $11.2 მილიონი;

ივლისის დასაწყისში მთავრობამ რეგულარული ფრენებზე აკრძალვა 1 თვით, პირველ აგვისტომდე გაახანგრძლივა. რაც კიდევ უფრო უცნაურია იყო იმის ფონზე, რომ საქართველო მოხვდა იმ სახელმწიფოთა სიაში, რომლებთანაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გახსნა. 

ფრენების აკრძალვა გარკვეულწილად მოულოდნელი იყო, რადგან წინა პერიოდში მთავრობის წევრები და მათ შორის პრემიერიც, ხშირად ამბობდნენ, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტებს მიიღებდა.

ტურიზმი ქვეყნის ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა. გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აქედან გამომდინარე ტურიზმის სრულად შეჩერება კიდევ უფრო დაამძიმებს, ისედაც კრიზისულ ეკონომიკურ სურათს.

რა მოხდება, თუ  ტურიზმი არ აღდგება?

19 ივნისს, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ტურიზმის სექტორის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის კვლევაში განხილულია ტურიზმის სექტორისა და საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენის რამდენიმე სცენარი. 

  • პირველი ყველაზე პესიმისტური სცენარის მიხედვით, მიმდინარე წელს ტურისტული სექტორი მხოლოდ ადგილობრივი ტურისტების იმედად უნდა იყოს. მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ორგანიზაციის პროგნოზით, მშპ 10%-ით შემცირდება;
  • მეორე სცენარით, ისინი, ვინც საზღვარგარეთ მოგზაურობდა, ზღვისა თუ მთის ადგილობრივ კურორტებზე გადანაწილდებიან. ამის მიუხედავად, კლება ქვეყნის ეკონომიკისთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება და მშპ 9,9%-ით შემცირდება; 
  • მესამე სცენარის მიხედვით, საქართველოდან გამსვლელი ტურისტების მიერ დასახარჯი თანხა მთლიანად ადგილობრივ ვიზიტებზე დაიხარჯება, მაგრამ ამ შემთხვევაში მშპ, შესაძლოა, 9,2%-ით შემცირდეს; 
  • მეოთხე სცენარი უკვე უსაფრთხო კორიდორების მეშვეობით პარტნიორ ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობას მოიცავს. ამ შემთხვევაში საერთაშორისო მოგზაურობათა რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის 25%-ს გაუტოლდება, ხოლო მშპ 7,9%-ით შემცირდება;
  • მეხუთე სცენარი საერთაშორისო ვიზიტორების 50%-ით აღდგენას ითვალისწინებს, რა შემთხვევაშიც მშპ-ს შესაძლო კლება 6,5%-ს გაუტოლდება.

კომენტარები