ამბოხებული მაჟორიტარები

ამბოხებული მაჟორიტარები მაჟორიტარ კანდიდატებად არ წარადგინეს

ქართულმა ოცნებამ 20 ივლისს 30 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც ნოემბერში განსაკუთრებული თავგამოდებით იცავდნენ ნახევრად მაჟორიტარულ სისტემას, ამ სიაში ვერ მოხვდნენ. 

კერძოდ, სიაში ვერ მოხვდნენ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები ენზელ მკოიანი, კახა ოქრიაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე. 14 ნოემბერს ამ სამმა დეპუტატმა პროპორციული საარჩევნო სისტემის მისაღები კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. 

მათ გარდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ნინო წილოსანმა, ირაკლი შიოლაშვილმა, კახა ოქრიაშვილმა, ირაკლი დაჩი ბერაიამ, მერაბ ქვარაიამ და კობა ლურსმანაშვილმა. არცერთი ჩამოთვლილი დეპუტატი დღეს მმართველ გუნდს მაჟორიტარ კანდიდატად არ წარუდგენია.

თუმცა, სიაში მოხვდა რამდენიმე ისეთი დეპუტატიც, რომელსაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის მხარი არ დაუჭერია, მათ შორის მიხეილ ყაველაშვილი, დავით სონღულაშვილი და სამველ მანუკიანიც. 

14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა და მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. 

მმართველი გუნდის ლიდერებმა კანონპროექტის ჩავარდნა ე.წ ამბოხებულ მაჟორიტარებს დააბრალეს. მათ შორის ყველაზე აქტიურები დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი დაჩი ბერაია, კახა ოქრიაშვილი და მერაბ ქვარაია იყვნენ. 

კომენტარები