არჩევნები 2020

მდინარაძე: ოცნებამ ახალი სახეები წარადგინა, თუმცა მათ შორის არიან მძიმეწონიანი პოლიტიკოსები

ტაბულა

ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი, მამუკა მდინარაძე, დღეს, 20 ივლისს, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით ამბობს, რომ თითოეული მათგანი ღირსეული ადამიანია და ისინი საპარლამენტო ცხოვრებას კიდევ უფრო გააუმჯობესებენ.  

მისი თქმით, ოცნებამ წარადგინა როგორც ახალი სახეები, ასევე ე.წ. მძიმეწონიანი პოლიტიკოსები, რომლებიც მმართველ გუნდს 2012 წლიდან მოყვებიან. 

"არიან, ე.წ. ახალი სახეებიც, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც 2012 წლიდან მოყვებიან ქართულ ოცნებას, ისინი გუნდის ღირსეული, ძველი წევრები და ასე ვთქვათ, მძიმე წონიანი პოლიტიკოსები არიან. მათი სინთეზი, ამ კანდიდატების, საბოლოო ჯამში მიდის იქით, რომ ჩვენ გათვლა გვაქვს გამოცდილებაზე, პროფესიონალიზმზე, კომპეტენციაზე, რაც უნდა გამოადგეს ქვეყნის განვითარებას". – ამბობს მდინარაძე. 

მდინარაძე ასევე ამბობს, რომ სექტემბერში ქართული ოცნება მთლიან საარჩევნო სიას წარადგენს, სადაც მისი თქმით, იქნებიან ქალებიც.

"ჩვენ რადგან დღეს წარდგენა გვქონდა, უკვე დავიწყებთ ფიქრს საარჩევნო სიაზე, აქ იქნება უფრო მეტი ახალი სახეც, იქნებიან ქალები, ამას ჩვენ ჩვენივე მიღებული კანონი და შესაბამისი ნორმა გვავალდებულებს და ეს ძალიან კარგია. იქნებიან, რა თქმა უნდა, გუნდის ძველი, ღირსეული წევრები და გამოცდილი პოლიტიკოსები და ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ იმ საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული პუნქტების ზედმიწევნით შესრულებას, რასაც ასევე, უახლოეს დღეებში წარვუდგენთ საზოგადოებას. 

ჩვენ მოგეხსენებათ, რომ სექტემბერში ვგეგმავთ მთლიანი საარჩევნო სიის წარდგენას საზოგადოებისთვის. დღევანდელი დღიდან, პრაქტიკულად კამპანიაც გავხსენით და უკვე მაჟორიტარები გავლენ თავიანთ რეგიონებში, გააცნობენ მათ ხედვებს საზოგადოებას და მე დარწმუნებული ვარ ეს საარჩევნო მარათონი არამხოლოდ ქართული ოცნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის იქნება ძალიან წარმატებული". - ამბობს მდინარაძე. 

პარტია ქართულმა ოცნებამ დღეს, 20 ივლისს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ოცდაათი კანდიდატიდან, მხოლოდ ერთია ქალი. ნინო ლაცაბიძე კენჭს რუსთავში იყრის.

წარდგენისას ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ნინო ლაცაბიძე ოთხი შვილის დედაა.

ვინ არიან ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით - წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები