კოსმოსური მისია მარსზე

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მარსზე პირველი არაბული მისია გაუშვეს [ვიდეო]

CNN

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კვირას, 19 ივლისს, წარმატებით გაუშვა მარსზე მისია. ეს პირველი არაბული პლანეტთაშორისი მისიაა. 

იმედის ზონდი იაპონიიდან, ტაგეშიმას კოსმოსური ცენტრიდან უამინდობის გამო ერთკვირიანი დაგვიანებით გაუშვეს. გაფრენა წარმატებული იყო და დუბაიმ ზონდთან ორმხრივი კომუნიკაცია დაამყარა. 

ალ ამალის ზონდი, როგორც მას არაბულად ეძახიან, მარსამდე 2021 წლის თებერვალში მიაღწევს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მარსის ორბიტაზე ზონდი ექნება გაშვებული. ზონდი წითელი პლანეტის ორბიტაზე ერთ მარსულ წელს გაატარებს, რაც დედამიწურ 687 დღეს უდრის. ზონდის მისია მარსის ატმოსფეროს შესახებ ინფრომაციის შეგროვებაა.

ალ ამალის მისია პირველი კოსმოსური მისია არ არის არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის. 2009 და 2013 წლებში სამხრეთ კორეელ პარტნიორებთან თანამშრომლობით საამიროებმა კოსმოსში თანამგზავრები გაუშვეს. ქვეყანამ კოსმოსური სააგენტო 2014 წელს ჩამოაყალიბა და ამბიციური მიზნები დაისახა. მათ შორისაა 2117 წლისთვის მარსის ზედაპირზე კოლონიის შექმნა.

მარსის მისიებისთვის მომზადებას როგორც წესი 10-12 წელი სჭირდება. ალ ამალის ზონდის გაშვება მნიშვნელოვანი წარმატებაა, პროექტის განხორციელებას 6 წელი დასჭირდა. 

ზონდის ასაგებად არაბი მეცნიერები კოლორადო ბოულდერის უნივერსიტეტის ატმოსფერული და კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორიასთან თანამშრომლობდნენ. მისიის მიზნის შერჩევისთვის კი კონსულტაცია გაიარეს მარსის კვლევითი პროგრამის ანალიზის ჯგუფთან, მარსის კვლევის დასაგეგმ ფორუმთან, რომელიც NASA-მ ჩამოაყალიბა.

გადაწყდა, რომ ალ ამალის ზონდს ერთი მარსული წლის მანძილზე პლანეტის კლიმატის კვლევისთვის გამოიყენებენ.მისიის ხელმძღვანელი მეცნიერის, ალ ამირის ინფორმაციით, მარსის ამინდის შესწავლა, შესაძლოა, დაგვეხმაროს მარსზე მომხდარი ცვლილებების გაგებაში და პასუხი გასცეს კითხვას, როგორ გახდა ერთ დროს დედამიწისნაირი პლანეტა, რომელზეც მდინარეები და წყალი იყო, უდაბნოს მსგავსი.

2020 წლის ზაფხულში მარსზე კიდევ ორი, ამერიკული და ჩინური მისიის გაგზავნა იგეგმება. NASA-ს როვერს Perservance და ჩინეთის მისიას Tianwen 1-ს  ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გაუშვებენ.

სამივე მისიის ერთ პერიოდში გაშვება განპირობებულია ამ დროს მარსისა და დედამიწის სიახლოვით, მოვლენით, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ხდება. პლანეტების დაახლოება მარსამდე ჩასვლის დროს ამცირებს.

კომენტარები