ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ახალი პაციენტებიდან, ამ 2-3 დღის განმავლობაში, ერთერთის მდგომარეობა მძიმეა

"ახალი პაციენტებიდან, ამ 2-3 დღის განმავლობაში, ერთერთის მდგომარეობა მძიმეა". – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. მისივე განმარტებით, დაწყებული მკურნალობის ფონზე, მძიმე პაციენტის მდომარეობა სტაბილურდება და პროგრესირება აღარ შეინიშნება.

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტი მოათავსეს. გამოჯანმრთელდა ერთი პირი. მარინა ეზუგბაიას ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში 23 კოვიდინფიცირებული პირია მოთავსებული.

"ამ 5 დადასტურებული შემთხვევიდან 1 გახლავთ შემოტანილი, ეს არის საკარანტინო სივრციდან რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქე, რომელსაც კარანტინში დაუდასტურდა დიაგნოზი და გადმოიყვანეს ჩვენთან. დანარჩენი 4 შემთხვევა გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები". – ამბობს ეზუგბაია.

დღეს, 20 ივლისს, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 1 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 039 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 900 გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კოვიდცენტრებში, დღევანდელი მონაცემებით, 162 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები