ლელო

შამანიდი: თუ ვინმე უწყობს ხელს ეთნიკურ შუღლს, სწორედ ქართული მარშია

Facebook/ Sophie Shamanidi • სოფიო შამანიდი

პარტია ლელოს ერთერთი ლიდერი, სოფიო შამანიდი ეხმაურება ნეოფაშისტური, პროპუტინური დაჯგუფების ქართული მარშის წევრის, სანდრო ბრეგაზის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ლელომ ცილი დასწამა, როდესაც თქვა, რომ გასულ კვირას მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის წინააღმდეგ გამართულ აქციას ქართული მარშიც ესწრებოდა. 

სანდრო ბრეგაძემ პასუხად, ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიასთან ერთად სეპარატისტული ტენდენციების გაღვივებაში დაადანაშაულა. 

"სასაცილოა, რომ ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ ვიდეო მიმართვით მოუწოდებდა მარშელებს, რომ გამოსულიყვნენ და სრული მობილიზება მოეხდინათ და გაელაშქრათ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლათ ნარიმანოვის ძეგლის ასაღებად, ახლა ეს ადამიანი გამოდის და ლაპარაკობს სეპარატიზმზმე და რაღაც სისულელეებზე". – უთხრა სოფიო შამანიდმა ტაბულას. 

შამანიდის თქმით, ქართული მარში და სხვა მსგავსი მარგინალური ჯგუფები ყოველთვის იქ არიან, სადაც არის ქსენოფობია, ჰომოფობია და დისკრიმინაცია. 

"თუკი ვინმე არის ამ ქვეყანაში, ვინც ხელს უწყობს ეთნიკურ შუღლს, ზუსტადაც არიან ქართული მარში და მისი წარმომადგენლები". – თქვა სოფიო შამანიდმა. 

ლელოს წარმომადგენლის შეფასებით, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ირგვლივ აგორებული კამპანია საბჭოთა სიმბოლიკის მოხსნისა და დემონტაჟის მიზანს არ ემსახურება და მიზანი აბსოლუტურად სხვა იყო. 

"საქმე გვქონდა იმასთან, რომ ქართული ოცნებიდან ადგილობრივი მაჟორიტარები, კლანები ვერ იყოფდნენ იმ მაჟორიტარულ ადგილებს, რომელიც ახლა დარჩა ქვემო ქართლში, რადგან მას შემდეგ, რაც შემცირდა მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა, მათ ყველას ვეღარ წარადგენდა ქართული ოცნება, სწორედ ამიტომაც, ეს იყო ერთი კლანის მხრიდან მეორე კლანთან დაპირისპირება, რომ გაეყვანათ თავისი კანდიდატი.

ეს არის ჩვეულებრივი ამბავი და სამწუხაროა, რომ ქართული ოცნება, როდესაც მას სჭირდება, ყოველთვის იყენებს ქართულ მარშს, სხვა ძალადობრივ ჯგუფებს და ზონდერებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ წინასაარჩევნოდ არ ჩანს, რომ ქართული ოცნება არ გააგრძელებს მისთვის ჩვეულ ტრადიციას". – თქვა სოფიო შამანიდმა. 

16 ივლისს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ორგანიზებით, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით აქცია გაიმართა, რასაც ქართულ მარშთან აფელირებული ისეთი ნეოფაშისტური და პროპუტინური შეხედულებების ადამიანებიც შეუერთდნენ, როგორებიც არიან გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე. 

ქართული მარშის ლიდერმა 20 ივლისს "კვირას" პრესკლუბში თქვა, რომ მისი პარტია აქციაში მონაწილეობას არ იღებდა და საპასუხოდ, ოპოზიციური პარტიების, ევროპული საქართველოსა და ლელოს ლიდერები სეპარატისტული ტენდენციების გაღვივებაში დაადანაშაულა. 

კომენტარები