ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 10-11 ახალი შემთხვევა კატასტროფა არაა, ქვეყნის მიღწევებზე გავლენას არ მოახდენს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ყოველდღიურად ახალი კორონავირუსის 10-11 შემთხვევით მატება საგანგაშო არაა და ამას ქვეყნის მიღწევებზე, ახალ კორონავირუსთან პრძოლის კუთხით, გავლენა არ ექნება.

"მთავარი რაცაა და აუცილებელი, ყველა ახალი შემთხვევის კონტაქტების კვლევა და წყაროების დადგენა ხორციელდება, ეს არ წარმოადგენს პრობლემას. უკვე ექვს თვეზე მეტი გავიდა, რაც დაავადებათა კონტროლი ამ პროცესს როგორ წარმატებით ახორციელებს და ასევე წარმატებით გააგრძელებს. ყველაფერი ჩვენზე, მოსახლეობაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შევასრულებთ დადგენილ რეგულაციებს.

ყველა სექტორმა, ეს იქნება სამედიცინო, მოსახლეობამ, თუ კიდევ სხვა სექტორი, რომელიც მონაწილეობს ამ პროცესებში, უნდა მოვახდინოთ  რეგულაციების შესრულება და ინფექცია მკაცრად გაკონტროლდეს. ასე თუ გაგრძელდება ქვეყანაში არ იქნება საშიშროება იმისა, რომ უმართავი გახდეს ეს სიტუაცია. ისევ იქნება ასეთივე ზომიერი, კონტროლირებადი მატება. ჩვენ ვამბობთ, კოვიდი არსად წასულა, აქაა. ხომ ხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ ოაზისივით ვართ ამ გარემომცველ ქვეყნებთან მიმართებით. ეს ყველაფერი რომ შევინარჩუნოთ, უნდა გავითვალისწინოთ რეგულაციები და შევასრულოთ". – ამბობს ეზუგბაია.

დღეს, 21 ივლისს, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 049 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 903 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის 130 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები