რუმინეთი

რუმინეთში COVID-ინფიცირებულთათვის საავადმყოფოში მკურნალობა სავალდებულო გახდა

AP

რუმინეთში ახალი კანონი მიიღეს, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო ზომები გამოიყენონ და COVID-19-ით ინფიცირებულებს საავადმყოფოში მკურნალობა დაავალდებულონ.

ამ დრომდე რუმინეთის მთავრობა სამთავრობო დეკრეტების საფუძველზე იღებდა პანდემიის საწინააღმდეგო ზომებს. თუმცა 2 ივლისს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობს არ ჰქონდა უფლება COVID-19-ით ინფიცირებულებისთვის საავადმყოფოში მკურნალობა ეიძულებინა ან შემოეღო სავალდებულო კარანტინი. ამ ზომების გამოსაყენებლად საჭირო იყო კანონი, რომელსაც პარლამენტი მიიღებდა.

ახალი კანონი ძალაში დღეიდან შედის და საკანონმდებლო ხარვეზს გამოასწორებს.

2-20 ივლისის პერიოდში 972 ადამიანი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, საავადმყოფოდან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე და ექიმის რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ გაწერეს, ხოლო დაახლოებით 3 680 ინფიცირებულს საავადმყოფოში საერთოდ არ უმკურნალია.

უკანასკნელ თვეში რუმინეთში პანდემიის დაწყების შემდეგ დღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ჯერჯერობით უცნობია, კანონში არსებულმა ხარვეზებმა კონკრეტულად რა გავლენა იქონია ინფექციის გავრცელებაზე.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუმინეთში სულ COVID-19-ის 38 139 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 22 474, გარდაიცვალა 2 038 ადამიანი. 

კომენტარები