კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა

გამყრელიძე: COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მოლაპარაკებები 2 კომპანიასთან მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინათან დაკავშირებით, მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს. 

მისი თქმით, ერთ-ერთ პერსპექტიულ ვაქცინად ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა ითვლება, რომელიც ერთ-ერთ გიგანტ ფარმაცევტულ კომპანია ასტრა ზენეკასთან ერთად მუშაობს. 

გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინამ მესამე ფაზის კვლევების ერთ-ერთი ეტაპი გაიარა და ახლა კიდევ ერთი დიდი კვლევის ნაწილი დარჩა, სადაც დაახლოებით, 10-15 ათას ადამიანს ჩაუტარდება კვლევა. 

"აქამდე დადგენილია ვაქცინის საკმაოდ კარგი იმუნური პასუხის გამოწვევის უნარი. თუ დადგინდა ვაქცინის უსაფრთხოება, მაშინ ვაქცინა შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს. რაც შეეხება საქართველოს, ამ კომპანიასთან ვმუშაობთ, ერთი თვის წინ გვქონდა პირდაპირი კონტაქტები კომპანიასთან. ამავე დროს, საქართველო მუშაობას გავის ალიანსთან, რომელიც დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა, ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელსაც ბილ გეითსის ფონდი პირადად აფინანსებს. ჩვენ დიდი ხანია "გავისთან" გვაქვს კონტაქტები, მათი საშუალებით მრავალი ვაქცინა დავნერგეთ ქვეყანაში. მიმდინარეობს ამ ორ წყაროსთან მუშაობა - ასტრა ზენეკასთან და გავისთან, რათა ვაქცინის დამტკიცებისთანავე საქართველო იყოს რეციპიენტთა რიგებში". – ამბობს გამყრელიძე. 

BBC-ის ინფორმაციით, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხო ჩანს და იმუნურ რეაქციებს იწვევს. ცდამ, რომელშიც დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 1 077 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ვაქცინა ადამიანებში ისეთ ანტისხეულებსა და T ლიმფოციტებს ქმნის, რომლებსაც კორონავირუსთან ბრძოლა შეუძლიათ. 

ვაქცინაზე მომუშავე მკვლევარები ამბობენ, კვლევა ძალიან იმედისმომცემია, თუმცა, ჯერჯერობით მაინც ადრეა იმის თქმა, არის თუ არა ეს ვირუსისგან თავდაცვის საკმარისი მექანიზმი. ამ ეტაპისთვის ცდას არ შეუძლია იმის ჩვენება, შეუძლია თუ არა ვაქცინას ან ვირუსის შეყრის პრევენცია მოახდინოს, ან შეამციროს მისი სიმპტომები. შესაბამისად, უფრო მეტი ცდაა საჭირო უფრო მეტ ადამიანზე. შემდეგ ცდაში დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 10 000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მასში მონაწილეობას. 

უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები