ფრენები

კანდელაკი: პოლონეთისა და საბერძნეთის საგარეო უწყებებმა ქართველი ელჩები დაიბარეს

ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, ვარშავასა და ათენში საქართველოს ელჩები პოლონეთისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში დაიბარეს. 

კანდელაკის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ელჩები საქართველოს მიერ საზღვრების არ გახსნის გამო პროტესტის გამოსახატად დაიბარეს. 

"ორივე ქვეყანას აქვს კარგი ეპიდემიოლოგიური სურათი. ორივე ქვეყანა აქტიურად უჭერდა მხარს ევროკავშირის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების ექსკლუზიურ სიაში შეტანას. პოლინეთის არჩევნებამდე არ გახსნა განსაკუთრებით ქუთაისისთვის ცელის გამოსმაა". – წერს გიორგი კანდელაკი. 

ტაბულა საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

8 ივლისს მთავრობამ ხუთ ქვეყანას საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეებს/რეზიდენტებს საქართველოში ჩამოსვლა კარანტინის გავლის გარეშე შეეძლებათ. 

რაც შეეხება პოლონეთს, 10 ივლისს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ პოლონეთი საქართველოსთან საზღვრის გახსნის მზადყოფნას გამოთქვამდა, თუმცა, მინისტრის თქმით, პოლონეთის ეპიდემიური მდგომარეობის გამო, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზღვარი არ გაეხსნა. 

ეს განცხადება მაია ცქიტიშვილმა პოლონელი დეპუტატის, მალგოჟატა მარია გოშიევსკას Facebook-პოსტის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც საქართველოს მთავრობა საზღვრების უპირობოდ არ გახსნისთვის გააკრიტიკა. 

კომენტარები