არჩევნები 2020

წულუკიანი: აბსოლუტურად მიუღებელია პრინციპი, დღეს ერთ პარტიაში იყო და მერე სხვაგან წახვიდე

თეა წულუკიანი
ტაბულა

"თუ ხდები ერთი პოლიტიკური ოჯახის ნაწილი, შეიძლება დაშორდე ამ პოლიტიკურ გუნდს, მაგრამ მაშინ უნდა იპოვო სხვა საქმე. აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის, შეიძლება ვცდები, პრინციპი, რომ დღეს ერთ პარტიაში შეიძლება იყო და მერე სხვაგან წახვიდე". – ამბობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელსაც პოლიტიკური პარტია გამოცვლილი აქვს.

თეა წულუკიანი 2014 წლამდე თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი იყო.

იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ მან ზუსტად იცის, რომ სანამ პოლიტიკაშია, საკუთარ თავს მხოლოდ ქართული ოცნების რიგებში ხედავს.

თეა წულუკიანის განმარტებით, მან თავისუფალი დემოკრატების დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ პარტია ქართულ ოცნებას ტოვებდა.

"მე ვიყავი ერთ პარტიაში. ეს იყო თავისუფალი დემოკრატები. ახლა არ ვარ ქართული ოცნების წევრი, მაგრამ ვარ მათი მინისტრი. ჩვენი გუნდის წარმატებისთვის ვფიქრობ, რომ გულწრფელად მიშრომია და მე მათ გვერდით ვხედავ თავს, იმიტომ, რომ თავის დროზე, როცა ტელევიზორი ჩავრთე და დავინახე ჩემივე პარტია, რომელიც ბრიფინგს ატარებდა, რომლის შესახებაც მე არ ვიცოდი და თქვეს, ჩვენ ქართული ოცნებიდან გავდივართო, მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე". – ამბობს წულუკიანი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ოცნების რიგებში სხვა პარტიების არაერთი ყოფილი წევრია თავმოყრილი. მათ შორისაა ირაკლი ჩიქოვანიც, თავისუფალი დემოკრატების ყოფილი ლიდერი, რომელიც სულ რაღაც 4 წლის წინ ქართულ იცნებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა 20 ივლისს კი, ის, მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად უკვე მეორედ წარადგინეს ანზორ ბოლქვაძეც, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, შემდეგ კი მმართველ პარტიაში გადაპორტირდა.

კომენტარები