კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 24 ახალი შემთხვევიდან 10 გარდაბნის რაიონიდანაა, 2-ის წყარო ჯერჯერობით უცნობია

რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კოორნავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან 10 გარდაბნის რაიონიდან არის, 5 შემთხვევა შემოტანილია, ისინი სატვირთოს მძღოლები არიან. 5 ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, 2-ის ინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით უცნობია. 

ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით კლინიკებში 124 პაციენტი მკურნალობს. მათგან ინფექციურ საავადმყოფოში 28 ადამიანი არის მოთავსებული. კლინიკაში 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

"მათი მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება და შემოსვლიდან პროგრესირება არ შეინიშნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი გახლავთ". – თქვა ეზუგბაიამ. 

ექიმის თქმით, კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გარდაბნის ე.წ. კლასტერთან არის დაკავშირებული, მისივე ინფორმაციით, რეგიონის კვლევა გრძელდება.

"ჩვენი მდგომარეობა დაკავშირებული იყო ერთ დიდ კლასტერთან. ახლაც ასეთი სიტუაცია არის, მე მინდა, რომ არ გასცილდეს ამ მდგომარეობას. ჩვენ ახლა გარდაბნის რაიონში გვყავს კლასტერი - საკმაოდ დიდი ოთხი სოფელია, მათში მცხოვრებთა რაოდენობა 7000-ზე მეტია. აქედან გამომდინარე, შემთხვევების მატება, ალბათ, მოსალოდნელი იყო. გაჩნდა ახალი წყარო". –თქვა მან.

დღეს, 22 ივლისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 073 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 907 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა. 

კომენტარები