ლუკა სირაძის საქმე

მეუფე ნიკოლოზი კვლავ ამტკიცებს, რომ ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი კვლავ ამტკიცებს, რომ 15 წლის ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს. 

"ფაქტია, რომ დღეს, 7 თვის თავზე, თვითმკვლელობის დამამტკიცებელი არაფერი არსებობს. მე აღმაშფოთა, რომ მე რომ არ ჩავრეულიყავი, ისე იყო გაშუქებული, რომ არავის არ შეუტანია ეჭვი, რომ ეს არის თვითმკვლელობა. არავითარი "მაგრამ," არავითარი "რომ" არ თქმულა. არ არის ეს თვითმკვლელობა დამტკიცებული. არ შეიძლება ასე დაბეჯითებით ლაპარაკი იმაზე, რაც არ არის დამტკიცებული.  

მე ჩავერიე, ახლა რაღაც ლექსიკა შეიცვალა და გაჩნდა ის, რომ ან არის, ან არ არის - აქამდე ეს არ იყო. მხოლოდ ეს იყო ჩემი მიზანი". – ამბობს ფორმულასთან ინტერვიუში. 

ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მტკიცებით, ის, ლუკა სირაძის დედასა და ძმას დაეხმარა, რადგან, "იმედი, რაც მათ ჰქონდათ თავიდანვე, რომ იქნებ არ არის თვითმკვლელობა, გავუზარდე." 

"ბიჭები იქ იკრიბებოდნენ ხოლმე, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ის იქ ავიდა და ძალიან სახიფათო ადგილია". – ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

კითხვაზე, სურს თუ არა იმის თქმა, რომ 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან გადმოვარდა, ფაჩუაშვილი პასუხობს - "რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, აბა რა."

ჟურნალისტმა ფაჩუაშვილს ჰკითხა, ეხმარება თუ არა მის მისი სიტყვები ბრალდებულ ჩოლოიანს, რაზეც ეპისკოპოსმა უპასუხა, რომ "რა შუაშია, მარიანა ჩოლოიანმა რა იცის, ეს თვითმკვლელობაა თუ არა."

"ეჭვი უნდა შევიტანოთ ამაში - თქვენც, მეც, დედამაც, რომელიც ცოცხლობს იმით, რომ ეს არ არის თვითმკვლელობა.  

მე დარწმუნებული ვარ, არ დამტკიცდება, რომ ეს თვითმკვლელობაა. [...] ძალიან სერიოზული მსჯელობა იყო ამის შესახებ, ოჯახის წევრებთან. მე ყველასთან გამოვიკვლიე და ეს იყო ძალიან სერიოზული მსჯელობა. ჩვენ დავრწმუნდით მაშინ - რა საშუალებებიც არსებობდა, იმით, რომ არ მტკიცდება თვითმკვლელობა". – ამბობს ფაჩუაშვილი. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა გარემოებები ამტკიცებს, რომ სირაძეს თავი არ მოუკლავს, ფაჩუაშვილი პასუხობს, რომ "ძალიან მარტივია ამ კითხვაზე პასუხი - არ მტკიცდება, რომ იყო."  

18 ივლისს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ასევე თქვა, რომ ლუკა სირაძისთვის ეკლესია დღემდე აგრძელებს ლოცვას, ვინაიდან სასულიერო პირებს "იმედი აქვთ და ოჯახმაც" ასე დაარწმუნა, რომ ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა.

მან ასევე თქვა, რომ "სისტემის ჯოხის ერთ ადამიანზე გადატეხვა არ იქნება სწორი" და ამ ერთ ადამიანში მარიანა ჩოლოიანი იგულისხმა.

ლუკა სირაძის საქმეზე, სწორედ, გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა აქვს შეფარდებული.

15 წლის ლუკა სირაძე კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იყო. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა. ელიკო ჩხიტუნიძემ თავად დაასტურა ის, რასაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მანამდეც ამბობდა - გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება". ფაქტი, რომ მოზარდი 20 წუთის განმავლობაში მშობლის გარეშე იმყოფებოდა პოლიციაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 19 დეკემბერს დაადასტურა.

ასევე, საქმიდან ცნობილია, რომ გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა.

თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შსს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია.

მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაინიშნა საგანგებო ბრიფინგი, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჩვენების იძულებით მიღებისთვის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის მტკიცებით, მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მარიანა ჩოლოიანის გარდა, კიდევ, მინიმუმ, სამი პოლიციელი ახდენდა.

კომენტარები