თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ბაჩალიაშვილის მამა: გამომძიებელმა მითხრა, ლეპტოპი გავხსენით, ის დიდი პრობლემების წინაშეაო

Facebook/ Tamar Bachaliashvili

5 დღის წინ გაუჩინარებული და გარდაცვლილი, თამარ ბაჩალიაშვილის მამის თქმით, გამომძიებელმა მას უთხრა, რომ მისი შვილი პრობლემებში იყო. როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, ეს გამომძიებელმა თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპის დათვალიერების შემდეგ დაასკვნა. 

"ვრეკავ დილით, მთელი ღამე მისკდება გული, არ მპასუხობს. თქვენი შვილიო, კომპიუტერი გავხსენი და ძაან დიდი პრობლემის წინაშეაო. არ უთქვამს, რა პრობლემის. ეს იყო გუშინ. აი, კომპიუტერი ვის ხელშიც იყო, იმ პირმა მითხრა". – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი. 

ბაჩალიაშვილი პროფესიით პროგრამისტი იყო და ერთერთი ვერსიით, მისი გაქრობა და გარდაცვალება სწორედ ამ საქმიანობას უკავშირდება. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ ის სწორედ ამ ვერსიისკენ იხრება უფრო მეტად. 

ეს კომენტარი მამამ იქამდე გააკეთა, სანამ შვილის გარდაცვალების ფაქტს გაიგებდა. 

თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის წინ, დილის 11 საათზე სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს. 

ის სამართალდამცველებმა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

21 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და პოლიციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი დღეს, 22 ივლისს ჩაერთო.

დღესვე ცხედრის პოვნამდე განცხადება გაავრცელა იმ კომპანიის ხელმძღვანელმა, თამარ ბაჩალიაშვილი ბოლოს მუშაობდა. ახალგაზრდა ქალის დედა ამბობდა, რომ გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე შვილმა უთხრა, რომ სამსახურიდან მოდიოდა. 

როგორც კომპანია "ზეგის" დირექტორმა, თამარ კობერიძემ ინტერპესნიუსს უთხრა, თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც კომპანიას გასულ კვირას შეატყობინა.

"ეს არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის მანძილზე რამდენიმეჯერ ჰქონდა გაჟღერებული, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება ჩვეულებრივად მივიღე და ველოდებოდი, რომ ორშაბათს შემეხმიანებოდა". – თქვა კობერიძემ. 

კომენტარები