პრესის თავისუფლება

RSF: მთავრობა საარჩევნო კამპანიას ოპოზიციურ მედიაზე წნეხის გასაძლიერებლად იყენებს

0 კომენტარი
კახა კალაძის ფეისბუქ ლაივის ანონსი ფოტო: FB Kakha Kaladze კახა კალაძე

საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრების გარეშე ავრცელებს განცხადებას საქართველოს წინაასაარჩევნო მედიაგარემოს შესახებ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო კამპანიისას ქართული ოცნება ოპოზიციურ მედიაზე წნეხს აძლიერებს:

"მთავრობა საარჩევნო კამპანიას ოპოზიციურ მედიაზე წნეხის გასაძლიერებლად იყენებს - თბილისის მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე მთავარს და ორ სხვა ოპოზიციურ არხს, ტვ პირველსა და ფორმულას ყალბი ამბების გადამცემად რაცხავს".

რეპორტიორები საზღვრების გარეშე გამოყოფს მთავარი არხის საქმეს და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყონებლივ შეწყვიტოს საქმის წარმოება ტელეკომპანიის წინააღმდეგ.

"ამჟამინდელ მთავრობასთან დაპირისპირებული მედია ხშირადაა თავდასხმის მსხვერპლი. მათ შორისაა ოპოზიციური ტელეარხი მთავარი, რომლის საქმესაც ამჟამად უშიშროების სამსახური იძიებს "საბოტაჟის" ეჭვით, მოსახლეობის სავარაუდო შეცდომაში შეყვანისა და მთავრობის დისკრედიტაციის გამო". – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

"როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლებია, მედიის დამოუკიდებლობა და პლურალიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული დებატისთვის. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ საქმის წარმოება მთავარი არხის წინააღმდეგ და უზრუნველყონ ამბების სანდო გადმოცემა შინაარსის ცენზურის ნაცვლად". – ამბობს RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელი, ჟანა კაველიე.

განცხადებაში ოპოზიციურ მედიაზე თავდასხმის კიდევ ერთ მაგალითად მოყვანილია, აგრეთვე, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ბაზაზე შექმნილი მედიაკრიტიკის პლატფორმის მიერ ნეტგაზეთისა და ბათუმელების ყალბი ამბების გავრცელებაში დადანაშაულება.

RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 180 ქვეყნიდან მე-60 ადგილს იკავებს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები