ბაჩანა შენგელია

წულუკიანი: შენგელია ენმ-ის დატოვებული თავმჯდომარე იყო, ჩემი ძალისხმევით გათავისუფლდა

თეა წულუკიანის ინფორმაციით, მისი იუსტიციის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ბაჩანა შენგელია ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარეობიდან მისივე ძალისხმევით გათავისუფლდა. როგორც წულუკიანი განმარტავს, შენგელია ნაციონალური მოძრაობის მიერ დატოვებული კადრი იყო. გათავისუფლების მიზეზად კი, წულუკიანი შენგელიას პოლიტიკურ ანგაჟირებულობას ასახელებს.

"ეს კონკრეტული ნოტარიუსი, ბაჩანა შენგელია, მე რომ დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, იყო ნაციონალების მიერ დატოვებული ნოტარიუსთა პალატის თავჯდომარე, რომელიც ჩემი ძალისხმევით გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან, იმიტომ, რომ ის მაშინვე იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი". – ამბობს წულუკიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, "პანდემიისადმი ზედაპირული დამოკიდებულებით" ნოტარიუსებმა ერთერთი ყველაზე დიდი კლასტერი შექმნეს. წულუკიანის თქმით, სწორედ ამის გამო, მას მოუწია მკაცრი ღონისძიებების გატარება, რათა "ეს კლასტერი არ გაზრდილიყო". ამიტომ,  გამოიცა სანოტარო საქმიანობის დროებითი წესი, რაც, როგორც წულუკიანი ამბობს, ბაჩანა შენგელიამ დაარღვია.

"ეს ადრე არ მითქვამს და არაა კარგი ამ პროფესიისთვის ამას რომ ვამბობ, მაგრამ რაკი ასეა ვიტყვი, პირველად საჯაროდ, რომ ნოტარიუსები იყვნენ ერთერთი პირველი პროფესიის წარმომადგენლები ამ ქვეყანაში, რომლებმაც კოვიდი რომ შემოვიდა ქვეყანაში, ამ პანდემიისადმი ზედაპირული დამოკიდებულებით შექმნეს ერთერთი ყველაზე დიდი კლასტერი, ეს ალბათ საზოგადოებამ დღემდე არ იცის. ამიტომ, მე როგორც უწყების ხელმძღვანელს, მომიწია ძალიან მკაცრი ღონისძიებების გატარება, იმისთვის, რომ ეს კლასტერი არ გაზრდილიყო [...] მათაც, როგორც იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, აქვთ ძალიან ბევრ დამიანთან დღის განმავლობაში შეხება.

ამიტომაც, გამოიცა დროებით წესი სანოტარო საქმიანობის, ძალიან მკაცრი პირობებით და ამ კონკრეტულმა ნოტარიუსმა ეს დროებით წესი დაარღვია, კოვიდთან ბრძოლის სტანდარტი. ინსპექტირებამ ეს გამოავლინა და მას 15 ივლისამდე, ანუ რამდენიმე კვირით ეს ნებართვა ჩამოერთვა. 15 ივლისს ვადა გაუვიდა ამ კარძალვას და მან გააგრძელა სანოტარო საქმიანობა". – ამბობს წულუკიანი.

შენგელიასთვის სანოტარო სისტემებზე წვდომის აღდგენა იუსტიციის სამინისტროს სასამართლომ 1 ივლისს დაავალა. წულუკიანის უწყებამ სასამართლოს გადაწყვეტილება 15 დღის შემდეგ შეასრულა.

ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა Faceboook-ზე გამოქვეყნებული კრიტიკული პოლიტიკური შეფასებების გამო, 20 ივნისს შეუზღუდა. შენგელიამ პროკურატურასაც მიმართა.

მინისტრის #69 ბრძანებაში, რომელიც ნოტარიუსს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვას ავალებს, 22 მაისს ცვლილება შევიდა და დადგინდა, რომ ეს მძიმე დისციპლინური გადაცდომაა და 1 თვიდან 2 წლამდე ვადით, უფლებამოსილების შეჩერებას ითვალისწინებს.

ბრძანების მიხედვით, ნოტარიუსს ევალება მხოლოდ ნეიტრალური შინაარსის განცხადებების კეთება პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, ხოლო პოლიტიკური განცხადებების კეთება, მათ შორის, პირად facebook გვერდზე, აკრძალულია.

წულუკიანის ეს ბრძანება არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე შეაფასეს, როგორც ნოტარიუსის გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

სწორედ ამ საკიხთხზე იდავებს შენგელია საკონსტიტუციო სასამართლოში.

ბაჩანა შენგელია ია კერძაიას შვილია, რომელიც ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტრორი იყო. კერძაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

კომენტარები