დაფნე კარუანა გალიცია

მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმის მოწმე სასამართლომდე რამდენიმე საათით ადრე დაჭრეს

Reuters

მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელიც საკუთარ თავს შუამავალს უწოდებდა, სასამართლოში ჩვენების მიცემამდე რამდენიმე საათით ადრე, ყელის და მუცლის არეში დანით დაჭრეს. დაჭრილი საკუთარ სახლში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციის განცხადებით, ისინი განიხილავენ ვერსიას, რომ კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. მის სახლს პოლიციელები იცავდნენ.

მელვინ თეუმა ტაქსის მძღოლი იყო. ის ჩვენებაში ასახელებდა ბიზნესმენ იორგენ ფენეჩს, როგორც მკვლელობის დამკვეთს. გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, თეუმა სასამართლომ გასულ ნოემბერს შეიწყალა. ის ამბობდა, რომ ბიზნესმენსა და მკვლელობის შემსრულებელ სამ პირს შორის შუამავლის როლს თამაშობდა.

დაფნე კარუანა გალიციას კორუფციასთან დაკავშირებულ თემებს იძიებდა, როდესაც საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. მკვლელობა 2017 წლის ოქტომბერში მოხდა.

იორგენ ფენეჩს ახლო კავშირები აქვს ქვეყნის მთავრობასთან და მინისტრებთან. მან მთავრობას მკვლელობის გეგმასთან და კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, იმუნიტეტის მინიჭება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ის დანაშაულს უარყოფს და სასამართლოს განაჩენამდე პატიმრობაში რჩება.

კორუფციულ სქემებში, რომლებიც პანამის დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში და, რომელსაც კარუანა გალიცია იძიებდა, ფენეჩთან ერთად ქვეყნის ყოფილი ტურიზმის მინისტრი და სხვა ყოფილი ოფიციალური პირებიც ფიგურირებენ.

კარუანა გალიცია ყოფილ პრემიერმინისტრს და მის მეუღლეს ოფშორულ გარიგებებში სდებდა ბრალს. გალიციას მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მალტის პრემიერმინისტრის და მისი ოჯახის სავარაუდო კორუფციული საქმიანობის შესახებ გამოძიებაც კი დაიწყო.

მკვლელობასთან დაკავშირებით 8 ადამიანია დაკავებული. გასული წლის დეკემბერში დედაქალაქ ვალეტაში გაიმართა ანტი-სამთავრობო აქციაც, რომელზეც ათასობით ადამიანი გამოვიდა. შედეგად, ჟოზეფ მუსკატმა პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა.

კომენტარები