კორონავირუსი ბრაზილიაში

ბრაზილიის პრეზიდენტს 7 ივლისის შემდეგ კორონავირუსი აქვს, ტესტი კვლავ დადებითია

ჟაირ ბოლსონარო
AFP

ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს კორონავირუსზე ტესტი მესამედ ჩაუტარდა. შედეგი კვლავ დადებითია. მას კორონავირუსი პირველად 7 ივლისს დაუდასტურდა.

კომუნიკაციების სამინისტროში თქვეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კარგია და მედიკოსების გუნდის დაკვირვების ქვეშ არის.

თავად ბოლსონარო ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და სამკურნალოდ ჰიდროქსიქლოროქვინს (პლაქვენილი) სვამს. დონალდ ტრამპის მსგავსად ბოლსონარო მიიჩნევს, რომ წამალი ვირუსთან ბრძოლაში ეფექტიანია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მეცნიერულად ჯერ-ჯერობით არ დასტურდება.

"მათ, ვინც ჰიდროქსიქლოროქვინის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ ალტერნატივებს არ გვთავაზობს, მინდა ვუთხრა, რომ პრეპარატს ვიღებ და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ". – დაწერა მან Twitter-ზე.

ბოლსონარო ვირუსს უბრალო გრიპს უწოდებს და ქვეყნის ეკონომიკის გახსნას მოითხოვს. ბოლსონაროსთან დაპირისპირების გამო ჯანდაცვის ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

პარალელურად, ბოლსონაროს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო მისი მომხრეები უზენაესი სასამართლოს დახურვის მოთხოვით აქციებს მართავენ და მათ თავად პრეზიდენტიც უერთდება. აქციებზე არ არის დაცული სოციალური დისტანცია და მომიტინგეთა ნაწილი, მათ შორის, თავად პრეზიდენტიც პირბადეს არ ატარებს.

ამის გამო ფედერალურმა სასამართლომ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება უბრძანა.

კორონავირუსის დადასტურების შემდეგ მის წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანეს. მიზეზი ისაა, რომ მან ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაიცვა უსაფრთხოების წესები და პირბადე მოიხსნა. სწორედ ამ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა ბოლსონარომ, რომ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. პრესკონფერენციაზე იყვნენ CNN Brasil-ის, TV Record-ის და TV Brasil-ის ჟურნალისტები. ისინი კარანტინში გადაიყვანეს. პრესკონფერენციის დასაწყისში ბოლსონაროს პირბადე ეკეთა, თუმცა ჟურნალისტები მასთან 2 მეტრზე ახლოს იყვნენ. მოგვიანებით პრეზიდენტმა უკან დაიხია და პირბადე მოიხსნა, რადგან სურდა ეჩვენებინა, რომ კარგად იყო. მას ჟურნალისტების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას ედავებიან. ბოლსონაროსთან კონტაქტის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთ მინისტრსაც. 

ბრაზილია ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემებით, ვირუსი სულ 2 166 532 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 81 597.

კომენტარები