ახალი კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: მდგომარეობა, რაც გარდაბანშია, საკმარისი არაა რადიკალური ზომების მისაღებად

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, გარდაბანში არსებული დღევანდელი მდგომარეობა რადიკალური ზომების მიღებისა და მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის საფუძველს არ იძლევა. თუმცა, ცერცვაძის განმარტებით, თუ არსებული ტენდენცია მოიმატებს, რაიონი ჩაიკეტება.

"გარდაბნის კლასტერთან დაკავშირებით, ამის იგნორირება რომ გავაკეთოთ, არ შეიძლება. მეორე მხრივ კი, ამ გარდაბნის კლასტერის გამო გადაჭარბებული რეაგირება რომ მოხდეს და დაიკეტოს მთელი გარდაბანი, როგორც დაკეტილი იყო ბოლნისი, მარნეული, ლენტეხი, ქობულეთი, ამის საფუძველი ჯერ არაა. მთავრობას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელი პულსზე უდევთ. დღევანდელი მდგომარეობა, რაც გარდაბანშია, არაა საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ რადიკალურ ზომებს მივმართოთ და მუნიციპალიტეტი ჩავკეტოთ. ხვალ-ზეგ თუ ტენდეცია მატებისკენ დაისახა, მაშინვე დაიკეტება". – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 10 გარდაბნის მუნიციპალიტეტში აღირიცხა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაფართოებული ტესტირება გუშინ დაიწყო. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გაყრელიძე ამბობს, რომ რეგიონში მოსახლეობის დამყოლობა არაა და თუ ეს ასე გაგრძელდება, შესაძლოა, სოფლები ჩაიკეტოს.

გამყრელიძის ცნობით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების განსაკუთრებულად ცხელი წერტილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ე.წ გაჩიანის დასახლებაა, რომელშიც სამი სოფელი: ყარაჯალარი, ახთაკლია და ყარათაკლია შედის. 

ამირან გამყრელიძემ, გუშინ, 21 ივლისს, თქვა, რომ საქართველოში კორონავირუსის ბოლო შემთხვევების უმეტესობა სწორედ გარდაბნის მუნიციპალიტეტში დადასტურდა, რაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მთლიანი მაჩვენებლის 2%-ია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 073 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 907 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა.

კომენტარები