არჩევნები 2020

გოცირიძე: არ ვიცი უგულავა სად დადგება, გამორიცხულია ზუგდიდში ჩვენი კანდიდატი არ დავაყენოთ

ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პალიტრანიუსის ეთერში, რეგიონებში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინაციის საკითხზე ისაუბრა.

"ჩვენ გავაკეთეთ უპრეცენდენტო შეთავაზება, დღეს თბილისში მხოლოდ 2 კანდიდატი გვყავს, წარმოუდგენელია, რომ პარტიას, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა დიდი ქალაქი მოიგო, დედაქალაქში ორი კანდიდატი ყავდეს. მანდატების 80% შემოდის პროპორციული სიით და ბუნებრივია, რომ ამავდროულად, მაჟორიტარი ქაჩავს სიას. ჩვენ, თბილისში შეგნებულ კომპრომისზე წავედით. რაც შეეხება რეგიონებს, ჩვენ ვაპირებთ კანდიდატის დაყენებას თითქმის ყველგან, შესაძლებელია იყოს რაღაც გამონაკლისები, ვნახოთ როგორი კონფიგურაცია იქნება რეგიონებში. ჩვენ ვეძებთ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანები". – ამბობს რომან გოცირიძე.

წამყვანის კითხვაზე დაუჭერს თუ არა მხარს ნაციონალური მოძრაობა გიგი უგულავას, თუკი იგი ზუგიდიდის ოლქში დააყენებს კანდიდატურას, გოცირიძე პასუხობს, რომ გამორიცხულია მისმა პარტიამ ზუგიდიდში კანდიდატი არ დააყენოს.

"არ ვიცი გიგი უგულავა სად დააყენებს კანდიდატურას, მაგრამ თუ თავის კანდიდატურას ზუგდიდში დააყენებს, გამორიცხულია, რომ ზუგდიდში ჩვენი კანდიდატურა არ დავაყენოთ, ვინაიდან ეს ქალაქი ყოველთვის ნაციონალური მოძრაობის მნიშვნელოვანი მხარდამჭერით გამოირჩეოდა". – განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძემ ისაუბრა ვანო მერაბიშვილის შესაძლო კენჭისყრაზე ახალციხის ოლქში და განაცხადა, რომ რეგიონში მერაბიშვილის ავტორიტეტისა გათვალისწინებით "ამაში არაფერი გასაკვირი არ იქნება." საუბარი შეეხო ქუთაისს და გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურასაც, გოცირიძის თქმით, გამორიცხულია, რომ ქუთაისში ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი კანდიდატურა არ დააყენოს.

"გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ რეგიონებთან დაკავშირებით მაჟორიტარულ ოლქებში არ გვაქვს განხილვა დასრულებული, ისევ ვამბობ შესაძლებელია იყოს გარკვეული გამონაკლისები. ამიტომ, გააჩნია ოლქებს, მაგრამ ზოგადი პრინციპი არის ასეთი - თითქმის ყველგან რეგიონებში გვეყოლება საკუთარი კანდიდატები თუ რაღაც გამონაკლისი იქნება და ეს იქნება ჩვენს ინტერესებში ან რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტიის ინტერესში ამაზე მოლაპარაკება შეიძლება". – თქვა რომან გოცირიძემ. 

ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ "თბილისში ოპოზიციური პარტიები პარტნიორები არიან, რეგიონებში კონკურენტები, ხოლო მომავალ კოალიციურ მთავრობაში ერთიანი ევროპული ყაიდის მთავრობის წევრები."

ცნობისთვის, ოპოზიციაში თბილისის რვიდან ექვს ოლქში კანდიდატების შეთანხმება მოხერხდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება პარტიების კოორდინაცია რეგიონებზე გადანაწილებულ 22 მაჟორიტარულ ოლქში. 

რამდენიმე დღის წინ, ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის 30-ივე კანდიდატი დაასახელა .

კომენტარები