არჩევნები 2020

ბოკერია გოცირიძის განცხადებაზე: ჯობდა, აქცენტი იმაზე გაეკეთებინა, სად გვექნება ერთიანობა

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს პოლიტიკური მდივანი, გიგა ბოკერია რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა. ბოკერიას კომენტარისთვის ტაბულა დაუკავშირდა.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ პალიტრანიუსის ეთერში რეგიონებში ოპოზიციურ პარტიებს შორის მაჟორიტარულ ოლქებში კოორდინაციის საკითხზე ილაპარაკა. 

წამყვანის კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ნაციონალური მოძრაობა მხარს გიგი უგულავას, თუკი იგი ზუგიდიდის ოლქში დააყენებს კანდიდატურას, გოცირიძე პასუხობს, რომ გამორიცხულია, მისმა პარტიამ ზუგიდიდში კანდიდატი არ წამოაყენოს.

თემის კომენტირებისას ბოკერიამ გოცირიძის პოზიციას უცნაური უწოდა.

"უცნაური კომენტარი მოვისმინეთ ბატონი გოცირიძისგან. ჯობდა, იმაზე გაეკეთებინა აქცენტი, სად გვექნება ერთიანობა და არა იმაზე, სად დაუყენებს გიგი უგულავას კანდიდატურას. ეს ძალიან უცნაური აქცენტია."

ბოკერიას თქმით, მისთვის უცნობია, თუ საიდან გაჩნდა კონკრეტულად ზუგდიდის თემა, რადგანაც ამ ოლქში უგულავას კანდიდატურა არც განიხილებოდა. "აქ უფრო მთავარი, ვიდრე ფაქტობრივი შეცდომა არის დამოკიდებულების საკითხი, იმიტომ, რომ ევროპული საქართველოსთვის ამოცანაა, ქვეყნისთვის ნაკლები რისკის ფასად ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად პირველივე ტურში გაირკვეს ვითარება, რასაც კოორდინირება ჭირდება", - ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, თბილისში ოპოზიციურ პარტიებს შორის მაჟორიტარულ ოლქებზე კოორდინირება სწორი ფორმულაა და მიუხედავად იმისა, რომ  "პროპორციულ არჩევნებში ისინი კონკურენტები არიან, ქვეყნისთვის რისკების შესამცირებლად საჭირო იქნება საკვანძო ოლქებში ოპოზიციის კოორდინირება და მთელი სპექტრიდან ძლიერი კანდიდატების შერჩევა."

ბოკერიას თქმით, "ლოგიკური და გონივრული" იქნება, თუ თბილისში განხორციელებული თანამშრომლობის მაგალითი რეგიონებშიც გარკვეულ მაჟორიტარულ ოლქებში გავრცელდება. ევროპული საქართველოს პოლიტიკური მდივანი ამბობს, რომ ამავდროულად მნიშვნელოვანი იქნება იმ განსხვავებულობისა და მრავალფეროვნების შენარჩუნება ოპოზიციაში, რაც დღეს არის, რადგან თითოეულმა ამომრჩეველმა "მკაფიოდ მისი პოზიციის მქონე პარტია იპოვოს".

ბოკერია, ასევე, იმედს გამოთქვამს, რომ სხვა პარტიები ევროპული საქართველოს მიდგომას გაიზიარებენ და არ მოახდენენ "არაზუსტი ფაქტებით იმ ტიპის გზავნილების გავრცელებას, რომლებიც ამომრჩეველში უიმედობას დანერგავს."

"მთავარია, რომ ყველა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციონერი კონცენტრირდეს იმაზე, სად შეიძლება იყოს სინერგია მაჟორიტარულ ოლქებში და არა პირიქით", - ამბობს გიგა ბოკერია.

ცნობისათვის, ოპოზიციაში თბილისის რვიდან ექვს ოლქში კანდიდატების შეთანხმება მოხერხდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება პარტიების კოორდინაცია რეგიონებზე გადანაწილებულ 22 მაჟორიტარულ ოლქში. 

რამდენიმე დღის წინ, ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის 30-ვე კანდიდატი დაასახელა. 

კომენტარები