COVID-19-ის ვაქცინა

გამყრელიძე: COVID 19-ის ვაქცინა 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში ხელმისაწვდომი იქნება

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე იმ კონდიციამდე მიდის, რომ 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში უკვე ხელმისაწვდომი იქნება. 

ამის შესახებ გამყრელიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი დროა საჭირო იმისათვის, რომ ვაქცინა უსაფრთხო იყოს. 

"სერიოზული თანხები იდება ამ საკითხში. დღეს შექმნილია 100-მდე ვაქცინა, მაგრამ კლინიკურ გამოცდას და ეტაპებს, 10-მდე ვაქცინა გავიდა. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ უკვე გადაიხადა ავანსები, რომ ეს ვაქცინები მიიღონ. ვაქცინა უკვე მიდის იმ კონდიციამდე, რომ ამ წლის ბოლოს, ან იმ წლის დასაწყისში უკვე ხელმისაწვდომი იყოს. საქართველოს უფრო დიდი იმედი აქვს გავის ალიანსის. მათი ალიანსის საშუალებით განვითარებადი ქვეყნებისთვის სხვადასხვა ვაქცინები არის ხელმისაწვდომი. როდესაც ეს ვაქცინა დამტკიცდება და გადაწყდება, რომ მათი გამოყენება შეიძლება, ის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება განვითარებადი სამყაროსთვისაც".- თქვა გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე 21 ივლისსაც ილაპარაკა და თქვა, რომ მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს. მისი თქმით, ერთ-ერთ პერსპექტიულ ვაქცინად ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა ითვლება, რომელიც გიგანტ ფარმაცევტულ კომპანია ასტრა ზენეკასთან ერთად მუშაობს. 

BBC-ს ინფორმაციით, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხო ჩანს და იმუნურ რეაქციებს იწვევს. ცდამ, რომელშიც დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 1 077 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ვაქცინა ადამიანებში ისეთ ანტისხეულებსა და T ლიმფოციტებს ქმნის, რომლებსაც კორონავირუსთან ბრძოლა შეუძლიათ.

ვაქცინაზე მომუშავე მკვლევრები ამბობენ, კვლევა ძალიან იმედისმომცემია, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ადრეა იმის თქმა, არის თუ არა ეს ვირუსისგან თავდაცვის საკმარისი მექანიზმი. ამ ეტაპისთვის ცდას არ შეუძლია იმის ჩვენება, შეუძლია თუ არა ვაქცინას ვირუსის შეყრის პრევენცია მოახდინოს, ან შეამციროს მისი სიმპტომები. შესაბამისად, უფრო მეტი ცდაა საჭირო უფრო მეტ ადამიანზე. შემდეგ ცდაში დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 10 000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

 

უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები