კორონავირუსის ვაქცინა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: კორონავირუსის ვაქცინა 2021 წლამდე არ იქნება

მაიკ რაიანი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მეცნიერებს კორონავირუსის ვაქცინის შექმნაში პროგრესი აქვთ, თუმცა ის 2021 წლის დასაწყისამდე არ იქნება.

რაიანის თქმით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვაქცინის დისტრიბუციის უზრუნველყოფაზე მუშაობს, მაგრამ მანამდე აუცილებელია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ.

რაიანი ამბობს, რომ რამდენიმე პოტენციური ვაქცინის გამოცდა მესამე ფაზაშია და აქამდე უსაფრთხოების თვალსაზრისით არცერთი პროექტი არ ჩავარდნილა.

"რეალურად, მომავალი წლის პირველ ნახევარში ვიქნებით მზად იმისათვის, რომ ხალხი ავცრათ".

მისივე თქმით, ორგანიზაცია მუშაობს იმაზე, რომ ვაქცინის შექმნის შემდეგ მოხერხდეს მისი წარმოება დიდი რაოდენობით.

"ჩვენ სამართლიანები უნდა ვიყოთ. ამ პანდემიის ვაქცინა მდიდრებისთვის და ღარიბებისთვის არ არის, ის ყველასთვისაა". - თქვა მან.

რაიანმა ასევე გაავრცელა გაფრთხილება სკოლების გახსნაზე. მისი თქმით, სკოლები არ უნდა გაიხსნას, სანამ ამ ვირუსის გადაცემის კონტროლი სრულად არ იქნება შესაძლებელი.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შესაძლებლობის ფარგლებში იმისათვის, რომ ბავშვები სკოლაში დაბრუნდნენ, მაგრამ ამისათვის ყველაზე ეფექტიანი გზა ვირუსის გადაცემის შეჩერებაა. თუ ვირუსს აკონტროლებთ, შეგიძლიათ, სკოლები გახსნათ". - თქვა მან.

უკანასკნელი მონაცემებით მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაავადების სულ 15 380 140 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 630 343 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 9 355 528.

კომენტარები