კოსმოსური მისია მარსზე

ჩინეთმა მარსზე პირველი ჩინური მისია გაუშვა [ვიდეო]

0 კომენტარი
ფოტო: AFP

დღეს ჩინეთმა ჰაინანის კუნძულზე არსებული ვენჩანგის კოსმოსური პორტიდან Tianwen 1-ის მისია გაუშვა მარსზე. მისია ორბიტული მფრინავი აპარატის, დასაჯდომი მოდულისა და როვერისგან შედგება.

წითელი პლანეტის ორბიტას Tianwen 1 2021 წლის თებერვლისთვის მიაღწევს. პლანეტის ზედაპირზე დაშვებამდე ის რამდენიმე თვეს ორბიტაზე გაატარებს. ეს სტრატეგია საშუალებას მისცემს ინჟინრებს, როვერის ზედაპირზე დაშვებამდე მარსის ატმოსფეროს მდგომარეობა შეაფასონ.

როვერის დაშვება მარსის ეკვატორის ჩრდილოეთით, უტოპიის კრატერში იგეგმება. როვერი რეგიონის გეოლოგიას შეისწავლის და მარსის ზედაპირის მინერალურ შემადგენლობას შეაფასებს, ასევე, შეეცდება, ყინული მოძებნოს. როვერი სურათების გადასაღებად და ნავიგაციისთვის კამერებითაა აღჭურვილი. ზედაპირის კვლევა მისიის მხოლოდ ნახევარია, ხომალდი, რომელიც როვერს მარსამდე ჩაიყვანს, პლანეტის შესახებ მონაცემებს ორბიტიდან შეაგროვებს.

Tianwen 1-ის როვერი NASA-ს ძველ როვერებს Spirit-ს და Opportunity-ის ჰგავს დიზაინით, ის 240 კილოგრამს იწონის და ენერგიის მისაღებად მზის პანელებს იყენებს.

ჩინეთის პირველი მცდელობა, გაეგზავნა მარსზე თანამგზავრი Yinghou 1, წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსული საფრენი ხომალდი, რომელსაც თანამგზავრი მარსამდე უნდა მიეტანა, დედამიწის ორბიტას ვერ გასცდა.

თუმცა ჩინეთმა გასულ წელს წარმატებით გაუშვა მთვარეზე ორი მისია. ჩინელ ინჟინრებს სჯერათ, რომ ამჯერად მზად არიან, გაუმკლავდნენ “საზარელ 7 წუთს” - დროს, რომელიც, ხომალდს მარსის ორბიტიდან მის ზედაპირამდე დასაჯდომად სჭირდება.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ როვერი მარსზე 90 მარსული დღის განმავლობაში შეძლებს მუშაობას.

ჩინეთის Tianwen 1-ის მისია ერთ-ერთია მარსის იმ სამი მისიიდან, რომლებიც 11 დღის განმავლობაში პლანეტაზე გაიგზავნება.

კვირას, 19 ივლისს, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა პირველი არაბული საპლანეტთაშორისო მისია ალ ამალი წარმატებით გაუშვა მარსზე. უახლოეს მომავალში NASA როვერ Perservance-ს გაგზავნის წითელ პლანეტაზე.

სამივე მისიის ერთ პერიოდში გაშვება განპირობებულია ამ დროს მარსისა და დედამიწის სიახლოვით, მოვლენით, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ხდება. პლანეტების დაახლოება მარსამდე ჩასვლის დროს ამცირებს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები