თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

გახარია ბაჩალიაშვილის საქმეზე: საგამოძიებო უწყებებმა პროაქტიულად გაავრცელეთ ინფორმაცია

საქართველოს მთავრობა

"ახალგაზრდა გოგოს გაურკვეველ პირობებში გარდაცვალება არის უაღრესად მძიმე შემთხვევა" - ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს. 

მისი თქმით, სწრაფ და ეფექტიან გამოძიებასთან ერთად ოჯახის და საზოგადოების ინფორმირებულობაა მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ "ზოგიერთმა ეს გარკვეული სპეკულირებისთვის არ გამოიყენოს".

მისივე თქმით, ქვეყანაში გამოძიებასთან არსებული პრობლემები ყველასთვის ცნობილია და სწორედ ამის გამო დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლება შსს-ში.

"ამ თემაზე საუბრის დასრულებისთვის მინდა, თითოეულ საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდოთ, იყოთ პროაქტიული ინფორმაციის გაზიარებისთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რამეთუ არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც ინტერპრეტირებისთვის. დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი, ეფექტური გამოძიება და მოქალაქეების ინფორმირებულობა".- ამბობს პრემიერი. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა, ის, ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს. 

4-დღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

კომენტარები