ჩინეთი-ბრიტანეთი

ჩინეთში ინგლისის პრემიერლიგის მატჩებს აღარ აჩვენებენ

Fred Lee / Getty Images

ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ ინგლისის პრემიერლიგის დარჩენილი მატჩების ჩვენება აკრძალა. 22 ივლისს ეთერში არ გავიდა ლივერპულისა და ჩელსის მატჩიც. 

გადაწყვეტილება ჩინეთსა და ბრიტანეთს შორის ბოლო კვირებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიტანეთში ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-ის 5G ქსელის შექმნაში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა.

ბრიტანეთის ამ გადაწყვეტილებას ჩინეთში გამოეხმაურნენ, საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ჩინური კომპანიების ინტერესებს დაიცავენ და საპასუხო ზომებს მიიღებენ.

ჩინეთის მსგავსი ქმედება პირველი არ არის. 2019 წელს მან ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მატჩების ჩვენებაც აკრძალა. 

ბოლო პერიოდში დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთერთობები გართულებულია. ჰონგ-კონგში ახალი უშიშროების კანონის შემოღების შემდეგ ბრიტანეთმა მასთან ექსტრადაციის შეთანხმება შეწყვიტა და ჰონგ-კონგელებისთვის საიმიგრაციო უფლებები გააფართოვა, ხოლო აშშ-მ ქალაქს სპეციალური სტატუსი შეუჩერა და ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ახალი სანქციები დაუწესა.

 

კომენტარები