თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

რა გავიგეთ შსს-ს ბრიფინგიდან თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია არ შეცვლილა - გამოძიება კვლავ უკანონო თავისუფლების აღკვეთის მუხლით გრძელდება. საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ გამართა. მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს "პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აქვს. მანვე აღნიშნა, რომ "გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე".

ძებნის პროცესი

მამუკა ჭელიძის თქმით, შსს-ში შეტყობინება 18 ივლისის საღამოს შევიდა. თამარ ბაჩალიაშვილის ფოტოსურათი დაეგზავნა საქართველოს მასშტაბით ყველა დანაყოფს, ასევე, ძებნაზე გადაეცა მისი ავტომანქანა. კამერების დათვალიერების შედეგად თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა ბოლოს დაფიქსირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის "ჭკვიან" კამერაზე, სადაც ჩანს, რომ მანქანას იგი თავად მართავდა. ამის შემდეგ, შსს-ს მტკიცებით, პოლიცია საძიებო სამუშაოებს აგრძელებს ხაიშის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, გამოკითხეს ადგილობრივი მოსახლეობა.

"სამძებრო ღონისძიებებში, პოლიციელებთან ერთად, ყოველდღიურად მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები, რა დროსაც გამოყენებულ იქნა დრონები, სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებები და ვერტმფრენი" - აცხადებს შსს.

რატომ იპოვეს გარდაცვლილი და მანქანა ძებნიდან ხუთი დღის შემდეგ

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი და მისი მანქანა იპოვეს თეთრწყაროში იმ ადგილიდან 15 კილომეტრში, სადაც ის ბოლოს კამერებმა აღბეჭდა. მამუკა ჭელიძის თქმით, 23 წლის ქალი კამერებმა სახლიდან გასვლიდან დაახლოებით ოც წუთში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. მანქანას თავად მართავდა. შსს-ს ცნობით, გამოკითხეს ადგილობრივები, გამოიყენეს დრონები, თუმცა, რადგან "ფიქსაციის ლოკაცია იყო სხვაგან, სხვა არეალში, ვერ მოხერხდა მანქანის პოვნა". მამუკა ჭელიძის მტკიცებით, "ავტომობილის გადაადგილების და ფიქსაციის მარშრუტი არ დაემთხვა შემთხვევის ადგილს, რაც გახდა იმ პერიოდის ძებნის მიზეზი, რა პერიოდშიც ძებნის სამუშაოები მიმდინარეობდა".

"სამძებრო სამუშაოები დაიწყო პირველივე შეტყობინებისთანავე. ბოლო ლოკაცია, სადაც მისი მანქანა დაფიქსირდა, იყო სოფელი ხაიში. დეტალურად შევისწავლეთ ის ტერიტორია და გამოვკითხეთ ადგილობრივები, ვადგენდით შესაძლო გადაადგილების მარშრუტებს, თუმცა, ვერ იქნა მოძიებული იქიდან გამომდინარე, რომ 15 კილომეტრის დაშორებით, სხვა სოფელში, მიტოვებულ, დაუსახლებელ ადგილას აღმოჩნდა გარდაცვლილის ავტომანქანა, რაც დააფიქსირა შემთხვევით გავლილმა არასრულწოვანმა მწყემსმა, რომელიც გამოკითხა პოლიციის მიერ" -  თქვა ჭელიძემ.

გარდაცვალების მიზეზი

თამარ ბაჩალეიშვილის ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე 22 ივლისს, მისსავე ავტომანქანაში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში ჩართულია ოჯახის ექსპერტიც.

შსს-ს ინფორმაციით, "პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აქვს.

"არ არის მექანიკური დაზიანებები, ცივი და ცეცხლსასროლი ჭრილობები, ვიზუალურად დაზიანებები არ ჩანს, მაგრამ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მიზანი სწორედ ის არის, რომ დეტალურად შევისწავლოთ შინაგანი ორგანოები, შესაძლო მედიკამენტების და ნივთიერების მოხვედრის როლი მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და როდესაც იქნება დასაბუთებული მეცნიერული კვლევა, რა თქმა უნდა, დასკვნას გაგაცნობთ" - თქვა მამუკა ჭელიძემ.

რას აკეთებს გამოძიება ახლა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მამუკა ჭელიძე ამბობს, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები. ამ ეტაპზე გამოძიება ადგენს, არის თუ არა ნაყიდი წამლები ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური. პოლიციამ ასევე ამოიღო წერილი, სადაც საუბარია ანაბრის გამოყენებაზე.

"ამასთან დაკავშირებით გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ" - აცხადებს შსს.

სამართალდამცველები თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო ადგილზეც მუშაობენ. პოლიციამ კომპანია ზეგ-ის ოფისიდან ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, გამოკითხა თანამშრომლები, ოჯახის წევრები, გამოითხოვა ვიდეოკამერის ჩანაწერები.

"ამოვიღეთ ყველა კომპიუტერი, სადაც გოგონა მუშაობდა, ვიკვლევთ, აქვს თუ არა რაიმე კავშირი სამსახურს მის გარდაცვალებასთან.

გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად მოვახდენთ", - თქვა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე.

მისივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაკითხა თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგი.

"დეტალებზე საუბარი არ იქნება სწორი. რეალურად გიდასტურებთ იმას, რომ ჰყავდა ფსიქოლოგი და ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები" - ამბობს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.

საქმის კვალიფიკაცია

გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაიწყო. ეს კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ შეცვლილა და გამოძიება კვლავ სსკ-ის 143-ე მუხლით გრძელდება.

"საგამოძიებო მოქმედებების და გამოძიების მთავარი ინტერესი და საგანი, როგორც წესი, ასეთ დროს არის კითხვებზე პასუხის გაცემა. ბუნებრივია, მესმის თქვენი და საზოგადოების ინტერესიც, გამოძიება ზუსტად ამ მიზნით მუშაობს.

თვითმკვლელობის ვერსიაც რომ არსებობდეს, თვითმკვლელობასაც აქვს სხვადასხვა კვალიფიკაცია, შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდე უბრალოდ მიიყვანოს გარკვეულმა პირობებმა, გარკვეულმა პირებმა, ამიტომ, კვალიფიკაციის შემხებლობა საგამოძიებო მოქმედების არეალთან, ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის.

მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიებამ სრული სიზუსტით გამორიცხოს ან დაადასტუროს ადამიანების თუ მოვლენების გარკვეული შემხებლობა გარდაცვალებასთან“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს. 

4-დღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

კომენტარები