კორონავირუსი საქართველოში

კანდელაკი მთავრობას: როგორ შემოვიდა ყაზახეთიდან ტურისტი კარანტინის გავლის გარეშე?

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკი ეხმაურება რადისონ ბლუ ივერიაში სტუმრისთვის გასულ კვირას ახალი კორონავირუსის დადასტურების ფაქტს. ადგილობრივი გამოცემის, ბათუმელების ცნობით, სტუმარი ყაზახეთიდან იყო. 

გიორგი კანდელაკმა პარტიის სახელით მთავრობას კითხვით მიმართა, როგორ შემოვიდნენ ყაზახეთიდან სტუმრები საქართველოში ისე, რომ მათ 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა არ დასჭირვებიათ, რადგან ყაზახეთი საქართველოს მთავრობას მწვანე ქვეყნების სიაში არ შეუყვანია. 

"საქართველოს მთავრობამ შექმნა ვითარება, რომელშიც თუკი რომელიმე პირს აქვს განსაკუთრებული კავშირი მთავრობასთან, მას შეუძლია გაუმწვანებელი ქვეყნებიდანაც შემოვიდეს და არც ვიცით, ამ პირებს საერთოდ ტესტი ჩაუტარდათ თუ არა. ხოლო საქართველოს კეთილსინდისიერი მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყანაში დაბრუნება გამწვანებული ე.ი. უსაფრთხო ქვეყნებიდან სურთ, უნდა ისხდნენ კარანტინში". – ამბობს გიორგი კანდელაკი. 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის შეფასებით, არსებობს ეჭვები, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევა არ არის. 

"ბუნებრივია, რომ საზოგადოებას აქვს სამართლიანი უკმაყოფილება და აქ სრული საფუძველი გვაქვს ვისაუბროთ შესაძლო კორუფციული გზით ქვეყანაში შემოსვლაზე". – თქვა გიორგი კანდელაკმა. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რადისონ ბლუ ბათუმში სტუმარს ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა, დღეს, 23 ივლისს დადასტურდა. თუმცა, ტურისტის ეროვნებაზე სასტუმროს ადმინისტრაციას კომენტარი არ გაუკეთებია. 

რადისონ ბლუ ბათუმის გენერალური დირექტორი, ფიქრეთ იუქსელი ამბობს, რომ სტუმარმა ქვეყანაში შემოსვლამდე ორჯერ გაიკეთა ტესტი – ერთხელ თავის ქვეყანაში, მეორედ კი აეროპორტში. 

8 ივლისს მთავრობამ ხუთ ქვეყანას საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეებს/რეზიდენტებს საქართველოში ჩამოსვლა კარანტინის გავლის გარეშე შეეძლებათ, თუმცა, ამ ქვეყნებიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა დასჭირდებათ. 

კომენტარები