თემურ აბაზოვი

კილაძე აბაზოვის სიაში ჩასმაზე: თუ გუნდი გადაწყვეტს, ამაში ცინიკური და ცუდი არაფერია

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ მარნეულის ყოფილი მერის, არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული თემურ აბაზოვის პარტიის პროპორციულ სიაში შესაძლო შეყვანაში "ცინიკური და ცუდი" არაფერია, რადგან ის სასამართლომ გაამართლა. 

"მესმის ოპონენტების ცინიკური დამოკიდებულება, მათ სხვანაირად არ შეუძლიათ, მაგრამ, როდესაც არის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, ამ შემთხვევაში პირი უკვე თავისუფალია და რა თქმა უნდა, თუ იქნება გადაწყვეტილება გუნდში მიღებული, ამაში ცინიკური და ცუდი არაფერია".- ამბობს კილაძე. 

გუშინ, 22 ივლისს, აბაზოვმა თქვა, რომ ქართული ოცნების ლიდერებისგან სიაში ჩასმის შეთავაზება მიიღო და დათანხმდა. დღეს "ოცნებამ" ინფორმაცია უარყო.

"იყო შემოთავაზება ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“, - უთხრა თემურ აბაზოვმა ინტერპრესნიუსს და აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რომელ ნომრად იქნება მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში. 
 
ტაბულა აბაზოვთან დაკავშირებას ამ დრომდე ცდილობს, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

 

2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა, რომ მარნეულის იმჟამინდელმა მერმა, თემურ აბაზოვმა მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა.

აბაზოვი მეორე დღეს, ჯგუფურად დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის 13 დეკემბერს მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

2020 წლის 12 თებერვალს კი ის რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის - პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვის, ქართული ოცნებიდან მარნეულის საკრებულოს წევრის, რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის ე.გ.-ს მიმართაც.

აღსანიშნავია, რომ თემურ აბაზოვი ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო. ამას მოწმობს როგორც ერთობლივი ფოტოები, ისე დოკუმენტებიც. ამასთან, სასამართლო განხილვების პროცესში ის ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს.

კომენტარები