აშშ-რუსეთი-დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთი და აშშ რუსეთს სატელიტური იარაღის გამოცდაში ადანაშაულებენ

დიდი ბრიტანეთი და აშშ რუსეთს კოსმოსში ჭურვების მსგავსი იარაღის გამოცდაში ადანაშაულებენ, რომელიც, მათ, შესაძლოა, ორბიტაზე განთავსებული სატელიტების წინააღმდეგ გამოიყენონ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ შემაშფოთებელია ორბიტაზე ანტისატელიტური იარაღის მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენება. აშშ რუსეთს თვალთმაქცობაში ადანაშაულებს, რადგან ისინი მოითხოვდნენ, რომ შეთანხმება იარაღზე კონტროლის შესახებ კოსმოსზეც გავრცელებულიყო.

"რუსეთის მიზანია, შეზღუდოს აშშ-ს შესაძლებლობები და თავად აშკარად არ გეგმავს კოსმოსური პროგრამის შეჩერებას" - თქვა კრისტოფერ ფორდმა, საერთაშორისო უსაფრთხოების და იარაღზე კონტროლის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

მსგავსი განცხადება გააკეთეს დიდ ბრიტანეთშიც. ვიცემარშალმა ჰარვი სმითმა თქვა, რომ შეშფოთებულები არიან რუსეთის მიერ იარაღის მსგავსი სატელიტის გამოცდით.

"ასეთი ქმედებები საფრთხის ქვეშ აყენებს კოსმოსის მშვიდობიან გამოყენებას და ქმნის ნამსხვრევების წარმოშობის რისკს, რამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სატელიტებს და კოსმოსურ სისტემებს, რომლებზეც მსოფლიოა დამოკიდებული". - თქვა მან და რუსეთს მოუწოდა, გამოიჩინოს მეტი პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს მსგავსი გამოცდები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ ახალ ტექნოლოგიას რუსეთის კოსმოსური დანადგარების ქმედითუნარიანობის გამოსაცდელად იყენებენ. სატელიტის გამოცდა 15 ივლისს ჩატარდა.

რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ჩინეთი კიდევ 100-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად კოსმოსური შეთანხმების ხელმომწერები არიან, რომლის მიხედვითაც კოსმოსის კვლევა ყველამ უნდა შეძლოს და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით. შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ორბიტაზე ან კოსმოსში იარაღი არ უნდა განთავსდეს.

კომენტარები