საქართველო-აზერბაიჯანი

გახარია Haqqin-ის წერილზე: ესაა მხოლოდ მედიით გავრცელებული რაღაც დაუზუსტებელი ინფორმაცია

0 კომენტარი
ფოტო: შსს

"ესაა მხოლოდ მედიით გავრცელებული რაღაც დაუზუსტებელი ინფორმაცია". – ასე აფასებს საქართველოს პრემიერმინისტრი აზერბაიჯანის სახელისუფლებო გამოცემა Haqqin-ის მიერ გავრცელებულ სარედაქციო წერილს, რომელშიც სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში ნაღმმტყორცნების მიწოდებაზეა ლაპარაკი.

გახარიას შეფასებით, ეს ინფორმაცია მაშინ იქნება საყურადღებო, როდესაც ორ ქვეყანას შორის მსჯელობის საგანი გახდება, – "აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ძმობას არაფერი ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რაიმე დაემუქროს".

მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ Haqqin-ის 19 ივლისს გამოქვეყნებული სტატიას დეზინფორმაცია უწოდა, გამოცემამ დამატებითი ინფორმაცია და ფოტოსურათები გამოაქვეყნა

გახარიას შეფასებით, გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოსურათებზე "ჩვეულებრივი სატვირთო მანქანები" ჩანს.

"როდესაც რაღაც ინტერნეტგამოცემის გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კითხვას მისვამთ ორ სტრატეგიულ ქვეყანას, მოძმე ქვეყნებს შორის ურთიერთობების კონტექსტში - არასწორია". – ამბობს გახარია.

19 ივლისს Haqqin-მა გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, რომელშიც განაცხადა, რომ "საქართველომ გზა გაუხსნა სერბეთს, რომელმაც, თავის მხრივ, სომხეთს ტოვუზის დაბომბვისთვის ნაღმმტყორცნები მიაწოდა".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით კი Haqqin-ის 19 ივლისს გამოქვეყნებული სტატია დეზინფორმაციულია და უამრავ უზუსტობას შეიცავს.

Haqqin აზერბაიჯანის სამთავრობო მედიაა. მას მკითხველები აზერბაიჯანის ხელისუფლების პოზიციის გასაგებად ეცნობიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ, აზერბაიჯანულმა გამოცემამ კვლავ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც წერია, რომ მათთვის სამწუხაროდ, ოფიციალურმა თბილისმა ეჭვქვეშ დააყენა Haqqin-ის კომპეტენცია და გამოცემა განზრახ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, Haqqin-მა დამატებითი ინფორმაცია და ფოტოსურათები გამოაქვეყნა.

21 ივლისს გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში გამოცემა უფრო დეტალურად წერს იმაზე, თუ როგორ მოხდა სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში ნაღმმტყორცნების მიწოდება.

რედაქციის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, Haqqin-ი წერს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იარაღის მიწოდება განახორციელა ცნობილმა იარაღით მოვაჭრემ, სლობოდან ტესიჩმა. ტესიჩზე ვრცელდება აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები და შეზღუდვები, რომლებსაც “მაგნეტსკის აქტი” ითვალისწინებს. სერბეთიდან საბრძოლო იარაღი კომპანია Vectura Trans D.O.O-მ გამოაგზავნა, რომელზეც ასევე ვრცელდება მაგნეტსკის აქტით გათვალისწინებული სანქციები. გზავნილის საბოლოო ადრესატი სომხეთის თავდაცვის სამინისტროა. შეიარაღება სერბეთის ქალაქიდან ნიშში გაიგზავნა და მისი გადატანა დსთ-ს წევრი ერთ-ერთი ქვეყნის ავიახაზებმა უზრუნველყო.

როგორც გამოცემა ამბობს, ობიექტურ მიზეზთა გამო, საქართველოს გავლით სომხეთში გაგზავნილ ყუმბარმმტყორცნებზე მეტ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები