აშშ-ს თავდაცვის აქტის შესწორება

აშშ-ს თავდაცვის აქტში სენატორ რიშის შესწორებისთვის კონგრესს კენჭი არ უყრია

Bloomberg.com

23 ივლისს აშშ-ს სენატმა კენჭი უყარა 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს და 86 ხმით 14-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა მას.

აქტში შესწორება ჰქონდა დარეგისტრირებული სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეიმს რიშს. იგი  შეეხებოდა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, 8 მარტის შეთანხმებასა და გიორგი რურუას საქმეს.

ამ ეტაპზე კონგრესმა აქტი ამ შესწორების გარეშე მიიღო, რამდენადაც მისთვის კენჭი საერთოდ არ უყრია - სენატორს ცვლილება თავად არ გაუტანია კენჭისყრაზე. თუმცა ეს საბოლოო განხილვა არ ყოფილა და კონგრესის ორივე პალატა თავდაცვის აქტზე მუშაობას აგრძელებს.

დღეს, 24 ივლისს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. მისი თქმით, სენატორ რიშის გზავნილს ყოველთვის სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.

"რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია და ყოველთვის, როდესაც თქვენ იღებთ გზავნილს სენატორი რიშის ან სენატორი შაჰინისგან, კონგრესის წარმომადგენლებისგან, რომლებიც  სიღრმისეულად ზრუნავენ საქართველოს წარმატებაზე, მას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, ვინაიდან ეს არის ხალხი, ვინც იცნობს საქართველოს და ზრუნავს საქართველოს წარმატებაზე". - თქვა მან.

მანამდე აშშ-ს თავდაცვის აქტის მიღებას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და დაწერა, რომ ქართველი ოპონენტები უშედეგოდ შეეცადნენ, რომ ამ დოკუმენტში საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესი წარმოეჩინათ. 

კომენტარები